ფიჭური კავშრიგაბმულობის ტენდერის საეჭვო გარემოებები

2018 წლიდან კორპორატიული მომსახურებით მოსარგებლე კლიენტებს ინტერენტის ტარიფები 3-ჯერ გაუძვირდათ

2018-2019 წლების სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კონსოლიდირებულ ტენდერში სამმა პრეტენდენტმა – „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“ გაიმარჯვეს. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ პირველ მარტს მიიღო. წინა წლებში კონსოლიდირებულ ტენდერში, როგორც წესი „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ იმარჯვებდნენ. ამის შემდეგ, საჯარო უწყებებს ინდივიდუალურად შეეძლებათ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რომელ ოპერატორთან გააფორმებენ ხელშეკრულებას მომსახურებაზე. საუბარია დაახლოებით 260 ათასი აბონენტის მომსახურებაზე.

ცნობისათვის, კონსოლიდირებული ტენდერი განსხვავდება გამარტივებული ტენდერისაგან. მას ატარებს სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან შედგება. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად, სახელმწიფო ხუთი სახეობის საქონელს ყიდულობს, ესენია: ქაღალდი, ავტომობილების საბურავები, საწვავი, ფიჭური კავშირგაბმულობა და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან შესაბამის მომსახურებას ყიდულობს ყველა სახელმწიფო შემსყიდველი და ამ საქონელთან დაკავშირებით დამატებითი ტენდერები არ ტარდება.

აღნიშნულ ტენდერს თან ახლდა რიგი გაუგებრობები და მომსახურების პირობების რადიკალური ცვლილება. ასე მაგალითად, 2014-2015 წლიდან, ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებაში ინტერნეტის ტარიფები ერთნაირი იყო: 15 გიგაბაიტის შეძენა 4.99 ლარად იყო შესაძლებელი, ახალი 2018 წლის პირობებით კი, იმავე ფასად აბონენტებს 5-გიგაბაიტიანი პაკეტის შეძენა შეეძლებათ, ანუ ფასი 3-ჯერ გაძვირდა.

საინტერესოა, რომ ტენდერი პირველად 31 იანვარს გამოცხადდა და მასში მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა. 23 თებერვალს კი სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ „ბილაინს“ 2017 წელსაც არ მიეცა ტენდერში მონაწილეობის საშუალება, მაშინ კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა სატენდერო პირობების დაუკმაყოფილებლობის მოტივით, რაც ფირმამ სასამართლოში გაასაჩივრა.

ტენდერში არ მონაწილეობის მიზეზად „ჯეოსელმა“ და „მაგთიკომმა“ სატენდერო პირობები და კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებული წერილი დაასახელეს.

„შეგახსენებთ, რომ შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომისიამ დაიწყო 2017 წლის 17 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა. გაცნობებთ, რომ საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე იკვეთება „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ნიშნები, რომლის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.“ იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 31 იანვარს გამოცხადებული ტენდერით დადგენილია არსებითად მსგავსი პირობები, ამიტომ თქვენს მიერ ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის აღნიშნული ტენდერის პირობებით მიწოდების შემთხვევაში, კომისია თქვენ მიმართ მიიღებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპანიებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისგან, კახა ბექაურისგან მიიღეს.

სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ახალი სახელმწიფო ტენდერი მალევე გამოცხადდა, თუმცა შეცვლილი პირობებით. ასე მაგალითად, გამარჯვებული კომპანია სახელმწიფო უწყებებს მომსახურებას 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაუწევს. წინა ტენდერში კი ვადა 2018 წლის 30 ივნისი იყო. შეიცვალა ტარიფების ნაწილიც. მაგალითად, თუ ძველ სატენდერო დოკუმენტაციაში 15 გიგაბაიტის ფასი 4.99 ლარი იყო, ახალი პირობებით იმავე ფასად აბონენტებს ხუთგიგაბაიტიანი პაკეტის შეძენა შეეძლებათ. 3.99 ლარად ხუთი გიგაბაიტის ნაცვლად, სამი გიგაბაიტის შეძენა იქნება შესაძლებელი. ამასთან, თუ წინა წლების სატენდერო პირობებში განსაზღვრული იყო ინტერნეტის სიჩქარე (3 მბ/წ – 21 მბ/წ) მიმდინარე წელს ეს მოთხოვნა ამოღებულია. კიდევ ერთი საინტერესო ცვლილება, თუ წინა წლებში ინტერნეტზე წვდომის ვადის ამოწურვისას, ახალი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, დარჩენილი (ძველი) ლიმიტის გააქტიურება ხდებოდა, ახალი პირობებით „ინტერნეტ პაკეტის გამოყენების ვადაა 30 დღე. ინტერნეტ პაკეტის ვადის ამოწურვის შემდგომ შეუძლებელია დარჩენილი მეგაბაიტების განახლება და გამოყენება“ – ამონარიდი კომპანიების სატენდერო განაცხადებიდან (სამივე კომპანიამ ერთნაირი სატენდერო პირობები შესთავაზა სახელმწიფოს). ანუ, თუ მობილური ინტერნეტის მომსახურების ტარიფი სამჯერ გაძვირდა, ამას თან დაერთო წინა თვეებში დარჩენილი თანხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც პრაქტიკაში კიდევ უფრო ზრდის ამ მომსახურების ფასს.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერში სახელმწიფო კომისიამ გამარჯვებულად სამივე კომპანია დაასახელა. საზოგადოება გაურკვევლობაში აღმოჩნდა იმის შესახებ, თუ რატომ დათანხმდა სახელმწიფო ბევრად გაუარესებულ პირობებს?! რასაც მალევე მოყვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ კანონი დაარღვიეს. კერძოდ, კონსოლოდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს და უწყებებს დაბალი, დემპინგური ფასებით ემსახურებოდნენ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში 2017 წელს „მაგთიკომის“ შემთხვევაში, ზარალმა 32 204 577 ლარი შეადგინა, ხოლო „ჯეოსელის“ შემთხვევაში  – 7 781 581 ლარი იყო. აღნიშნულ ზარალს კომპანიები სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ.

მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა, კომპანიების თხოვნით, საკითხის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, „მაგთიკომს” და „ჯეოსელს” გაფრთხილება მიეცემა.  „წინასწარი შესწავლით, მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგური ტარიფებით კრძალავს“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

რამდენიმე დღიანი სატენდერო თამაშების შედეგად, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებამ ფაქტორბივად სამართლებრივი გამართლება მოუძებნა იმას, თუ რატომ მოუწევთ მობილურით მომსახურებაში სახელმწიფო კორპორატიულ კლიენტებს ბევრად ძვირის გადახდა ვიდრე გასული ოთხი წლის მანძილზე ხდებოდა. ერთის მხრივ თუ „ბილაინი“ თანახმა იყო წინა წლებში არსებული ტარიფებით მიეწოდებინა მომსახურება 260 ათასი კლიენტისთვის, რატომ თქვა სახელმწიფო კომისიამ ამ შეთავაზებაზე უარი. მაშინ როდესაც ტენდერის ჩაშლა კონკურენციის ნაკლებობით აიხსნა, გამოდის, რომ უფრო კონკურენტულ პირობებში, როდესაც ტენდერში ერთის ნაცვლად სამი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას რადიკალურად განსხვავებული შედეგები დადგა – ბევრად მაღალი ტარიფები და სამივე კომპანიამ ერთნაირი პირობები წამოაყენა. კონკურენციას კი სულ სხვა დატვირთვა აქვს, მის შედეგად ფასები უნდა მცირდებოდეს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნამ კი იმის შესახებ, რომ ფირმები ახდენდნენ კორპორატიული მომსახურების სუბსიდირებას სხვა შემოსავლებიდან, გამოდის, რომ კლიენტები ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების სხვა მომსახურებაში არნახულად ძვირ თანხებს იხდიან, რაც ამ ფირმებს შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით სუბსიდირების საშუალებას აძლევს. შედეგად კი ინტერნეტის მომსახურების ტარიფები რადიკალურად გაძვირდა და კომისიას არც ის მიმართულებები დაუსახელებია, თუ რაში გადახდილი თანხები ამ კომპანიებს მაღალი მოგების მიღების საშუალებას აძლევს. ანუ, ფიჭური კავშრგაბმულობის ფირმები ორმაგად მოგებაში დარჩნენ, ერთის მხრივ, ძვირი მომსახურებებიც შეინარჩუნეს და მეორეს მხრივ სახელმწიფო ტენდერშიც მათთვის ბევრად სასარგებლო ფასი მიიღეს. კომისიის გადაწყვეტილებამ ამ შემთხვევაში დააზარალა კლიენტები. ხოლო ეს კომპანიები ზემოთხსენებული დარღვევისთვის მხოლოდ გაფრთხილების წერილს მიიღებენ. იმ 40 მილიონი ლარის (2017 წელს „მაგთიკომის“ ზარალი 32 204 577 ლარი + „ჯეოსელი“– 7 781 581 ლარი)  გადახდა კი, რომელსაც მობილური ოპერატორები 2017 წელს სხვა შემოსავლებიდან ასუბსიდირებდნენ მათ მომხმარებლებს მოუწევთ.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი