კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენცია კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა

ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება იგეგმება. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით კომპანია „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს. „სილქნეტის“ განხცადებით, „ჯეოსელი“ 153 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა. დაფინანსება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და საკუთარი კაპიტალით მოხდა.

დღეისათვის საქართველოს სატელოკომუნიკაციო ბაზარზე უკვე არსებობს ერთი გიგანტი კომპანია „მაგთიკომის“ სახით, რომელმაც ცოტა ხნის წინ „კავკასუს ონლაინი“ იყიდა. ამ გარიგების შედეგად ბაზარზე უკვე ორი ფირმა იქნება, რომელიც კლიენტებს ერთდროულად შეთავაზებს ინტერნეტ, მობილურ და სატელევიზიო მომსახურებას. შედეგად, მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“ გააკონტოლებენ.

სფეროს ექსპერტები ბაზარზე კონკურენციის შემცირებასა და ოლიგოპოლიის გაზრდილ საფრთხეზე მიუთითებენ. თუ ,,სილქნეტი“ ,,ჯეოსელს“ შეიძენს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნება დუოპოლია და გაჩნდება კარტელური გარიგებების საფრთხე, – ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული გაერთიანება მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვინაიდან ბაზარზე ფაქტობრივად ისპობა კონკურენცია და რჩება მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“. ბაზარზე ერთადერთი მათი კონკურენტი კომპანია ,,ბილაინი“ იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ ,,ბილაინი“ ორ დუოპოლისტ კომპანიას რაიმე კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც. ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი პირველ რიგში, დააზარალებს მომხმარებლებს და ბაზარზე გააჩენს კარტელური გარიგებების საფრთხეს“, – აღნიშნავს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

თუმცა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს ვერ ხედავს და პირიქით მიიჩნევს, რომ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენა წაადგება ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარს.

„ოლიგოპოლია არ არის ცუდი ბაზრისთვის, რადგან ხდება შეჯიბრება („მაგთისთან“ მიმართებაში, რომელმაც როგორც ცნობილია „კავკასუს ონლაინი“ შეიძინა) ფასებსა და მოცულობაში. ამ გზით კი  შესაძლებელია  კონკურენცია მივიღოთ. შეიძლება მათ გარკვეული შეთანხმება მოახდინონ ტარიფებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს შეეძლოთ მანამდეც გაეკეთებინათ, ამიტომ ამ ტრანზაქციაზე ამას გავლენა ნამდვილად არ აქვს“,-  აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი.

მკითხველისთვის, რომ განვმარტოთ რა არის ოლიგოპოლია? ესაა ეკონომიკური სიტუაცია, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს რამოდენიმე სუბიექტი. ისინი აწარმოებენ ერთგვაროვან ან დიფერენცირებულ პროდუქტს; ოლიგოპოურ ბაზარზე შეღწევა გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ საფუძველს. უფრო მარტივად, ოლიგოპოლია ესაა ბაზარი, რომელშიც ცოტა გამყიდველია. შესაბამისად, მოლაპარაკების ან თამაშის თეორიული სტრატეგიის გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული საქონლის ხარისხის გაკონტროლება.

მთელი მსოფლიო, ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა ცდილობს საკუთარ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი გაზარდოს და ებრძვის ან მკაცრად აკონტროლებს მონოპოლიებსა თუ ოლიგოპოლიებს. ჩვენთან, საქართველოში კონკურენციის შემცირება და  ბაზარზე მოთამაშეთა კლება ხშირად დადებით მოვლენად ფასდება. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს ინტერნეტიზაცია კვლავ განვითარებიოს ეტაპზეა, შესაბამისად არის რეგიონები, ასევე თბილისის ზოგიერთი რაიონი სადაც არამხოლოდ ორი ინტერნეტ პროვაიდერი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია ხელმისაწვდომი, შესაბამისად კლიენტი იძლებულია დათანხმდეს ამ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ პირობებს. იმის ნაცვლად, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაქსიმალურად ეცადოს ქართველ მომხმარებლებს არჩევანის საშუალების მრავალფეროვნება შეუქმნას, პირიქით, ამ არჩევანის შეზღუდვას უჭერს მხარს. არადა, სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათი გადაჭრის პირობა დადო.

„ფუნდამენტური ცვლილება მოხდება ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე რეგულაციების კუთხით, არაერთხელ მითქვამს მედიასთან, რომ მთავარი  პრიორიტეტი იქნება ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღება. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ვინაიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი, ეს წლების განმავლობაში დაგროვებული მიზეზებითაა გამოწვეული, რომელსაც ერთ თვეში ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ძალიან სწრაფად, კომისია  აქტიურ   და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებს, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით ასევე ნორმატიული აქტების მოწესრიგებისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. რაც საბოლოო  ჯამში  მთლიანად შეცვლის სურათს და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აცხადებდა 2017 წლის ივლისში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ინტერნეტის მაღალი სიჩქარის პაკეტს ოჯახების მხოლოდ 9,3% იყენებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს 699 ათასი აბონენტი შეადგინა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 10.0%-ით (63.8 ათასი აბონენტით) გაიზარდა. საქართველოში შინამეურნეობების 26.7%-ი 2-10 მბტ/წმ სიჩქარის პაკეტით სარგებლობს, 22.9% კი 10-30 მგბტ/წმ სიჩქარის პაკეტით. დაბალია მაღალი (30 მგბტ/წმ და მეტი) სიჩქარის პაკეტების მოხმარება, რომელთაც ოჯახების მხოლოდ 9.3% მოიხმარს.

რაც შეეხება ინტერნეტის ფასებს, საქართველოში ონლაინ პროვაიდერების სერვისი ევროპის ბევრ ქვეყანაზე ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი ჩამოუვარდება ევროპულ სტანდარტებს.

რა ღირს საშუალოდ 10 მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი თვეში ქვეყნების მიხედვით:

ლატვია           – 14 ლარი;

რუმინეთი     –  7 ლარი;

მოლდოვა       – 14 ლარი;

ლიტვა             – 25 ლარი;

ბულგარეთი  – 10 ლარი;

ესტონეთი      – 21 ლარი;

ჩეხეთი            – 24 ლარი;

ბელარუსია    – 15 ლარი;

უნგრეთი         – 24 ლარი;

ყაზახეთი        – 16 ლარი;

სლოვაკეთი     – 20 ლარი;

საქართველო  – 27 ლარი;

აზერბაიჯანი –  62 ლარი;

სომხეთი         – 27 ლარი;

სერბეთი        –   32 ლარი;

ბოსნია ჰერცოგოვინა – 35 ლარი;

მონტენეგრო   – 36 ლარი;

ავსტრია            – 51 ლარი;

მალტა              – 40 ლარი;

პოლონეთი     – 36 ლარი;

ასე რომ, საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი გარიგების შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კიდევ ერთი დომინანტი კომპანია იქმნება. შედეგად, სამ მსხვილ ბაზარზე: მობილური მომსახურება, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია სულ სამი მსხვილი მოთამაშე გვეყოლება, რომელთაგან ორი ბაზრის ¾-ს გააკონტროლებს. თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ 90 წლებიდან მოყოლებული „მაგთის“ და „ჯეოსელს“ მობილურით საუბარზე 1 წუთის საფასური 28,8 თეთრი ჰქონდათ დაწესებული და ასე აგრძელებდნენ ოპერირებას წლების მანძილზე, სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია პირდაპირ არ ჩაერია საცალო ბაზარზე ფასის დადგენაში და ფიჭური კავშრგაბმულობის კომპანიებს ზედა ზღვარი არ დაუდგინა. შესაბამისად იმის შიში, რომ ფირმები დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად გამოიყენებენ, მაღალია. ამიტომ ძალიან ბევრი იქნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე და მის ხელმძღვანელზე, რომელმაც ინტერნეტ ბაზარზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრის პირობა დადო.