ზაალ ანჯაფარიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი. სხვადასხვა დროს მუშაობდა დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე ევროპის ფონდში, ასევე ევროკავშირისა და USAID-ის საერთაშორისო პროექტებში. იყო გაზეთის „Georgia Today” რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ანალიტიკური სტატია და ბლოგი ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის Eurasian Home, Jamestown Foundation, Transitions Online, EurActive, The Moscow Times International Herald Tribune, Point of View Dialogue, IPG Journal, Journal of Conflict Transformation და სხვ.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ვნებათაღელვებისა და პოლიტიკური ბატალიების შემდეგ დამდგარი შედარებით მშვიდი და საპროტესტო აქციებისგან თავისუფალი პერიოდი დიდი ალბათობით მალე დასრულდება. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია საგაზაფხულო შეტევისათვის ემზადება.
როგორც ჩანს, შეტევა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად განხორციელდება. ოცდახუთი ოპოზიციური პარტია მათ შორის არსებულ განსხვავებებს დროებით გვერდზე დებს, 2020 წლისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით ერთიანდება და ამისათვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ეს საპროტესტო ელექტორატის მობილიზაციისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ტრადიციული და ნაცადი საშუალებაა.
საგაზაფხულო რაუნდზე პოლიტიკური ოპოზიცია და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფები წინ წამოწევენ იმ მწვავე და მტკივნეულ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტასაც საზოგადოება ელოდება. ერთ-ერთი ასეთი თემა – მოსამართლეების საკითხი, უკვე საკმაოდ მწვავედ დგას დღის წესრიგში და მმართველ გუნდში სერიოზულ განხეთქილებასაც დაუდო სათავე.
სავარაუდოდ, ოპოზიციის საგაზაფხულო შეტევის ავანგარდში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ დარაზმული პარტიები იქნებიან. რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის „კაპიტალიზაციას“ შეეცდებიან, თუმცა ეს არცთუ იოლი იქნება. არჩევნების დასრულების შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციის მხადაჭერის რაოდენობაც და ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს დაადასტურა თუნდაც იმით, რომ „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო კრიტიკული რაოდენობის მასის მობილიზება მის აქციებზე. ვარაუდი, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის ფრთის ქვეშ მყოფი „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდაჭერა მოიკლებდა, ირიბად დაადასტურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (National Democratic Institute) ბოლო გამოკითხვამაც, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი ბოლო წლების ტრადიციულ ნიშნულამდე – 12%-მდე დავიდა, „ქართული ოცნების“ 27%-ს საპირისპიროდ.
სხვათა შორის, გამოკითხვა კიდევ ერთ საგულისხმო განწყობას ავლენს, რომელიც გარკვეულწილად აბათილებს დამკვიდრებულ სტერეოტიპს იმაზე, თუ რამ განაპირობა არჩევნების პირველი ტურის ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი. უმრავლესობა (66%) აცხადებს, რომ არჩევანი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ უფრო გააკეთა, ვიდრე ვინმეს საწინააღმდეგოდ (33 პროცენტი).
თუმცა, ეს მაჩვენებლები მმართველ პარტიას დამშვიდების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. თვითკმაყოფილება მისი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, განსაკუთრებით იმ არცთუ დადებითი მოვლენების ფონზე, რაც ამჟამად ვითარდება თავად მმართველ პარტიაში და ზოგადად ქვეყანაში. იმავე NDI-ს გამოკითხვით, რომელიც, მიუხედავად ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებისა, მაინც აჩვენებს არსებულ ტენდენციებს, იმ ხალხის რაოდენობამ, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 2013 წლიდან მოყოლებული პირველად გადააჭარბა მათ რაოდენობას, ვინც თვლის რომ ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს.
მოქალაქეებში საგრძნობლად დაქვეითდა გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის განცდა. მართლმსაჯულების ინსტიტუტებისადმი ნდობა კვლავაც დაბალია და მთავრობისა და პარლამენტის მუშაობის დადებითად და უარყოფითად შემფასებელთა რაოდენობაც თითქმის თანაბარია, გაზრდილია სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის აღქმაც და პრაქტიკულად უცვლელია უმთავრესი წუხილები: უმუშევრობა, სიღარიბე, მომატებული კრიმინალი და ფასების ზრდა. იზრდება მონატრება ავტორიტარულ მმართველობაზე, რომელიც წესრიგს დემოკრატიულ თავისუფლებებზე მაღლა აყენებს.
ბუნებრივია, რომ ეს მაჩვენებლები ოპოზიციას უქმნის განცდას და რწმენას, რომ საჭიროა მომენტის გამოყენება, მით უმეტეს, რომ მმართველ პარტიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუროკრატიაც ვერ გრძნობს თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ. ამ ყოველივეს სათავისოდ გამოყენებას შეეცდება ოპოზიცია გაზაფხულისათვის, პრინციპით „სჭედე რკინა სანამ ცხელია,“სავარაუდოდ იმის გათვლით, რომ გაზაფხულამდე ხელისუფლება ვერ მოასწრებს რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას და ცვლილებების ინიცირებას.
მიხეილ სააკაშვილმა კი თავის რევოლუციური არსენალიდან ახალი მეთოდი ამოირჩია. ოპოზიციის დაქსაქსული რესურსის მობილიზაციისა და ჩამქრალი სამობილიზაციო მუხტის ხელახალი გაღვივების მიზნით მან დაგეგმილ რევოლუციურ სცენარში ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის ჩაბმა გადაწყვიტა. მათთან ერთად ადგილობრივი ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტით დაგეგმილია ხელისუფლების მშვიდობიანი წინააღმდეგობით შეცვლა.
რამდენად რეალისტურად გამოიყურება ეს სცენარი? საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების შემადგენლობა პოლიტიკურად და სოციალურად ჭრელია და ბევრი მათგანი სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ აიძულა ემიგრაციაში წასულიყო.
გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, ევროპასა და ამერიკაში ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური აქტივობა არც ისე მაღალია და მათგან მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტი მონაწილეობს არჩევნებში. მეორეს მხრივ, რთულად წარმოსადგენია, რომ ემიგრანტებმა, რომლებმაც დიდი ძალისხმევით მოახერხეს ევროპასა და ამერიკაში თავის დამკვიდრება და შემოსავლის წყაროს გაჩენა, მოისურვონ მორიგ პოლიტიკურ ავანტიურაში დ ადაპირისპირებაში ჩაბმა, რომლის პერსპექტივაც ბუნდოვანია, სააკაშვილი კი მათგან მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ მონაწილეობას, არამედ რევოლუციურ სცენარში მათი ფინანსების ინვესტიციასაც.
ამბობენ, რომ ისტორია მეორდება ორჯერ, ერთხელ ტრაგედიის და მეორეჯერ ფარსის სახით. დღეს სააკაშვილი, რომელიც ხშირად ადარებს თავს ზვიად გამსახურდიას, ამავე დროს ხშირად იმეორებს გამსახურდიას ოპონენტების ფორმულას – „ყველა მინუს ერთი,“ რაც პრაქტიკულად სამოქალაქო დაპირისპირების ფორმულაა. უფროსი და საშუალო თაობის მოსახლეობას კარგად ახსოვს თუ რა მოჰყვა ამ ფორმულის გამოყენებას 1991 წელს.
ჯერ-ჯერობით სურათი ასეთია და ამას ნაწილობრივ NDI-სგამოკითხვაც ადასტურებს, რომ უკმაყოფილების მიუხედავად, პირობითად საპროტესტოდ მიჩნეული ხალხის მასა არც ისე გაბრაზებული, არც ისე დამუხტული და არც ისე მოტივირებულია, რომ ხელისუფლების დამხობაზე ორიენტირებულ ხანგრძლივ საპროტესტო
აქციებში ჩაერთოს, მაგრამ თუ ის მაინც მოინდომებს ამის გაკეთებას, დიდი ალბათობით ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალასთან და ლიდერთან ერთად და არა ნდობადადაკარგული და გაცვეთილი პოლიტიკოსების დროშის ქვეშ. ეს ნაწილობრივ დაადასტურა ლიეჟში გამართულმა ემიგრანტთა შეკრებამაც.
უპატიებელი და ფატალური შეცდომები უნდა დაუშვას ხელისუფლებამ, ექსტრაორდინარული ნეგატიური მოვლენების წყება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ ოპოზიციის ამჟამინდელ შემადგენლობას ხალხის კრიტიკული მასა ენდოს და საპროტესტო აქციებზე გაჰყვეს.
რევოლუციის წარმატებას გმირები სჭირდება. ისტორიული გამოცდილებით კი გმირის როგორც სოციალური ინსტიტუტის ჩამოყალიბება შესაძლებელია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში გარკვეული ეროვნული მასშტაბის იდეა დომინირებს, რომელიც ითხოვს ალტრუიზმს, თვითშეწირვას, მოწამეობას, რომელსაც ეს გმირი განასახიერებს. რა მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში? სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებენ, რომ თუკი საერთოდ რაიმე იდეაზეა საუბარი, საზოგადოებაში ძირითადად „ობივატელურ-მომხმარებლური“ იდეა დომინირებს.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების დისკურსიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მოთამაშეების პოზიციის შეფასება. უნდა ითქვას, რომ აქ არცთუ უკანასკნელი ადგილი უკავია აღქმებსა და მოლოდინებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საჯარო განცხადებებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან უფრო ღრმა და სწრაფ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, და სასამართლო რეფორმებს და დემოკრატიისაკენ წინსვლას, სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას და ქვეყანაში სტაბილურობას, თუმცა, მთავარი მოლოდინი და მოთხოვნა მაინც არის პრო-დასავლური კურსისადმი საქმით დამტკიცებული ერთგულება. თუ რა იგულისხხმება ამაში, საკმაოდ არაორაზროვნად იქნა გაცხადებული ამ დღეებში აშშ-ს კონგრესში საქართველოს საელჩოსა და ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებულ მიღებაზე. ამერიკელი კონგრესმენებისა და ექსპერტების განცხადებებიდან ჩანს, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ შედეგების ხიბლშია და სურთ, რომ საქართველო კვლავ იხილონ რუსეთთან ბრძოლის ავანგარდში, დემოკრატიისა და თავისუფლების პოზიტიური მაგალითებით და არა მხოლოდ. სწორედ აქ არის „ქართული ოცნებისათვის“ ერთ ერთი მოწყვლადი ადგილი, რომელზედაც ოპოზიცია დივიდენდების მიღებას შეეცდება. „ქართული ოცნება“ ყველანაირად ერიდება რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას და ამით ხშირად ეჭვებს და კითხვებს აჩენს დასავლურ წრეებში, თუმცა, თუ დასავლეთთან თანამშრომლობის ბოლო წლების დინამიკას გავაანალიზებთ, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა ამ ეტაპზე საქართველოში ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილებას დაუჭიროს მხარი. მათ რომ ეს სდომოდათ, არცთუ მაღალი სტანდარტებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო ამის კარგი საშუალება.
არ ვიქნებით შორს სიმართლისგან, თუ ვიტყვით, რომ მოსახლეობაში არსებული მოლოდინების ხასიათი განაპირობებს დიდწილად თუ რა დონის მხარდაჭერა ექნება ოპოზიციის საგაზაფხულო აქციებს. თუ „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის დაპირებების შედეგად მოსახლეობაში გაჩენილი პოზიტიურ მოლოდინები მოლოდინების კრიზისში გადაიზარდა და ამას დაემატა უსამართლობით გამოწვეული პროტესტი, ჩათვალეთ რომ სახეზე გვაქვს ის მდგენელები, რომლებიც ჩვენთან ტრადიციულად იწვევს აქტიური საპროტესტო ქმედების და საქმის ბოლომდე მიყვანის მზაობას, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლოა მოსახლეობა მისივე მოლოდინების მძევალი აღმოჩნდეს, რაც არაერთხელ მომხდარა.
პოლიტიკურად რამდენად „ცხელი“ იქნება გაზაფხული, ასევე დიდწილად იქნება დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ შეცვალოს თვითშეფასება, ადექვატურად შეაფასოს შინ და გარეთ მიმდინარე პროცესები და არ დაუშვას საზოგადოებაში მოლოდინების კრიზისი. ბოლო პერიოდში, ცნობილი მოვლენების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიიღო და ამის ნეიტრალიზაციისათვის სასწრაფო და ეფექტური ზომების გატარება მოუწევს.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.