ირაკლი ჭედია – სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დოქტორანტი
შესავალი
სოციალიზმის პერიოდში ჩეხოსლოვაკეთში განათლება ოფიციალურად რესპუბლიკების დაქვემდებარებაში შედიოდა, მაგრამ რეალურად ცენტრალიზირებული იყო და საბჭოთა კავშირის გავლენას განიცდიდა. დიდი ყურადღება ექცეოდა ზოგად განათლებას სკოლებში, პროფესიული განათლება არ იყო სტიგმატიზირებული და პოპულარული იყო ადრეულად დასაქმების მსურველთა შორის, ხოლო უმაღლესი განათლება და ტიტული პრესტიჟულად ითვლებოდა სოციალურ სტატუსს რეალურად ამაღლებდა. ამავდროულად უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩეხოსლოვაკეთში, ისევე როგორც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, განათლების სისტემას ჰქონდა სისტემური ხარვეზებიც, მათ შორის კორუფცია და პროტექციონიზმი, ცენზურა და ინოვაცია/მოდერნიზაციის ძალზედ ნელი პროცესი.
რევოლუციის შემდეგ განხორციელებული განათლების რეფორმა საჯარო და სახელმწიფო განათლების ყველა სფეროს შეეხო, თუმცა არაკოორდინირებული რეფორმების შედეგად, განათლების სისტემამ საბოლოო და სტაბილური სახე ჯერ კიდევ ვერ მიიღო. 5-6 დიდი პროექტი განხორციელდა, რომელთა წარმატება და პოზიტიური შედეგი დღემდე სადაოა. რეფორმების მთავარი ლაითმოტივი იყო დერეგულაცია და ლიბერალიზაცია. რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთული და დღემდე გადაულახავი პრობლემა გახდა უცხო ენის პრიორიტეტების აბსოლუტური ცვლილება და რუსულიდან ინგლისურზე ელვისუსწრაფესი ნახტომი, რამაც ძალიან დააზარალა როგორც მასწავლებელთა კორპუსი, ასევე მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენცია. ხშირ შემთხვევაში რუსულის მასწავლებლები ქაღალდზე გადაკეთდნენ ინგლისურის მასწავლებლებად და განაგრძეს მათთვის ხშირად უცხო ენის, ინგლისურის, ერთდროულად სწავლაც და სწავლებაც.
რეფორმები და შედეგები
შეიძლება ითქვას, რომ განათლების რეფორმამ და ამავდროულად ყველა სფეროში მიმდინარე პრივატიზაციამ ყველაზე მეტად პროფესიული განათლების დაწესებულებები დააზარალა. მსგავსი სასწავლებლები ძირითადად მიმაგრებული იყო კონკრეტულ ქარხნებზე, საწარმოებზე და ზოგადად ინდუსტრიულ დარგებზე, ხოლო პრივატიზაციის შემდეგ, კერძო ბიზნესებმა ჩათვალეს, რომ პროფესიული განათლება მათ ინტერესებში აღარ შედიოდა და შესაბამისად უკვე პრივატიზებულ ქარხნებთან და საწარმოებთან არსებული სპეციალიზირებული პროფესიული განათლების ცენტრები ფაქტიურად მთლიანად გაქრა, ხოლო მათი არარსებობა (არასაკმარისი რაოდენობით არსებობა) ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მთავრობებისთვის საკმაოდ დიდ თავსატეხად იქცა. საგულისხმოა, რომ მას მერე, რაც დიდმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმა – ფოლკსვაგენმა, ჰიუნდაიმ, კიამ, პეჟომ და სხვ. ჩეხეთში და სლოვაკეთში ქარხნები ააშენეს და მანქანების გარკვეული მოდელების წარმოება ამ ქვეყნებში გადმოიტანეს, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო განათლების პოლიტიკის გადახედვა და გარკვეული გარანტიების შექმნა, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ქარხნებს საჭირო მუშახელი არ მოჰკლებოდა.
საჯარო განათლების დაფინანსების სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ სკოლებისთვის შემოსავლის წყარო გახდა სტუდენტების რაოდენობა, რამაც შესაბამისად გამოიწვია სკოლების შიგნით დერეგულაცია და ლიბერალიზაცია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოიხატა მოსწავლეებისათვის პრობლემური საგნების სასწავლო პროგრამების გამარტივებით, საატესტაციო გამოცდიდან (მატურიტა) მათემატიკის სავალდებულო გამოცდის ამოღებით და მის მაგივრად უცხო ენის ჩაბარების ალტერნატივის შემოღებით. ლიბერალიზაცია ასევე გამოიხატა სკოლის გასართობ და არასტრესულ გარემოდ წარმოჩინებაში, სადაც ბავშვები ხალისით უნდა დადიოდნენ და არ განიცდიდნენ სტრესს. მსგავსი მიდგომის მართებულობა/არმართებულობა ცალკე სტატიის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პოლიტიკას გარკვეული გვერდითი შედეგებიც აქვს, მათ შორის: მოსწავლეების გადატვირთვის შიშით სიზარმაცის ირიბი წახალისება, სკოლის ადმინისტრაციის გაუბედავობა გარკვეული დისციპლინარული და ბიუროკრატიული საკითხების გადაჭრისას და ა.შ. ამ ყველაფერს მზარდად უარყოფითი გავლენა აქვს ახალ თაობებზე, რომელთაც თანამედროვე სკოლა ცხოვრების ორომტრიალში ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად მომზადებულს უშვებს.
სასკოლო განათლების დონის დაცემამ პირდაპირ მოახდინა გავლენა უმაღლეს განათლებაზე. სკოლის დამამთავრებელი კლასების დონე საკმაოდ ჩამოუვარდება უნივერსიტეტის დაწყებითი კურსების დონეს, რასაც ყოველწლიურად აღნიშნავენ უნივერსტეტის ლექტორები. სკოლაში განათლების დონის დაცემა კი შესაბამისად იწვევს უნივერსიტეტში არსებული განათლების დონის დაცემასაც, რადგან ფინანსირების თავისებურება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც უბიძგებს შეინარჩუნონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და შესაბამისად გაამარტივონ სავალდებულო და რთული საგნები.
ჩეხეთშიც და სლოვაკეთშიც განათლების სისტემის ლიბერალიზაციამ და დერეგულაციამ გამოიწვია განათლების სფეროში ბიზნესის ველური შეჭრა და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სოკოებივით მომრავლება. მათში განსაკუთრებით დიდი წილი მოდის კერძო მედია, იურიდიული, ეკონომიკური და ზოგადად ჰუმანიტარული მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტექნიკურ დისციპლინებში კერძო ინსტიტუტები და უნივერსიტეტები თითქმის არ დაარსებულა და ორმოცდაათამდე ჰუმანიტარული მიმართულების კერძო უმაღლეს სასწავლებელზე ხუთამდე ტექნიკური მიმართლების კერძო უმაღლესი სასწავლებელი მოდის.
ამ პროცესმა საკმაოდ შორს მიმავალი უარყოფითი შედეგები მოიტანა. უამრავი სტუდენტი, რომელმაც კერძო უნივერსიტეტი დაამთავრა, შრომის ბაზარზე აღმოჩნდა დიპლომით, რომელსაც ფაქტიურად არანაირი ფასი არ ჰქონდა. ამას გარდა შეგვიძლია გამოვყოთ კერძო განათლების ორი ძირითადი მიმართულება, რომელმაც ყველაზე მეტად დააზარალა ჩეხეთი და სლოვაკეთი: მედია და ბიზნეს-ეკონომიკა. მედიასასწავლებლების კურსდამთავრებულების უმრავლესობა დასაქმდა ასევე მომრავლებულ კერძო მედიასაშუალებებში, რამაც გამოიწვია ჟურნალისტიკის დონის კატასტროფული დაცემა, ჟურნალიზმის გავულგარულება. ძალიან ირონიულია ფაქტი, რომ კერძო მედიასაშუალებები და მათში მომუშავე ზემოთხსენებული კერძო მედიასკოლებდამთავრებული ჟურნალისტები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ ჩეხეთში და სლოვაკეთში არსებულ განათლების დონეს და სახელმწიფო განათლების სისტემას. წლების განმავლობაში ამ სისტემის მიზანმიმართულმა, ხშირად უსაფუძვლო კრიტიკამ და კერძო მედიასაშუალებების მიერ წარმოებულმა დეზინფორმაციიულმა კამპანიამ კი შედეგად გამოიღო ის, რომ ათობით ათასი სლოვაკი სტუდენტი განათლების მისაღებად მიაშურებს ჩეხეთის სახელმწიფო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო ჩეხი სტუდენტები დასავლეთ ევროპაში აგრძელებენ სწავლას. ჩეხი და სლოვაკი ექსპერტების აზრით, ეს არის უმარტივესი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუწყო ხელი უპასუხისმგებლო განათლების პოლიტიკამ კონკრეტული სფეროს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტიკის დეგრადირებას, ხოლო მდარე ჟურნალისტიკამ კი (რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებთან ერთად) უარყოფითი გავლენა მოახდინა ისევ და ისევ განათლების სისტემაზე და ორივე ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალზე. უამრავი იმედის მომცემი ახალგაზრდა ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან მიემგზავრება საზღვარგარეთ სასწავლებლად და შესაბამისად მათი ინტელექტუალური პოტენციალიც ქვეყნიდან გაედინება. ეს ყველაფერი კი ზოგადად უარყოფითად აისახება ამ ქვეყნების განვითარებაზე.
ნეოლიბერალური მახე
რაც შეეხება კერძო ბიზნეს და ეკონომიკის სკოლებს, ზოგი ექსპერტის აზრით, მათი სასწავლო პროგრამა დაარსების დღიდანვე იქცა ერთი კონკრეტული ეკონომიკური და ბიზნეს ნარატივის პროპაგაციის წყაროდ. ამ ნარატივიდან დღემდე გამორიცხულია კეთლდღეობის სახელმწიფო, მასში დემონიზირებულია სოციალური პროგრამები და სახელმწიფო ჯანდაცვა, ის ბიზნესს განიხილავს, როგორც მხოლოდ გამდიდრების წყაროს და ფაქტიურად ნებსით თუ უნებლიეთ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერთა რანგების შევსებას ემსახურება. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა კი, კრიტიკოსთა აზრით, ნელ-ნელა ხელს უწყობს კეთილდღეობის სახელმწიფოს დაშლას, გლობალური კორპორაციებისთვის რაც შეიძლება მეტად ფლექსიბილური სამუშაო ბაზრის შექმნას, ზრდის უთანასწორობას და ამავდროულად იწვევს საზოგადოების მკვეთრ პოლარიზაციას. ამას გარდა, ნეოლიბერალური პოლიტიკები ასევე ხელს უწყობს განათლების სისტემის ბიზნესის ერთ-ერთ ფორმად გადაქცევის პროცესს და ხშირ შემთხვევაში განათლების დონის ვარდნას.
აღსანიშნავია, რომ მაგალითად პოლონეთისგან და რუმინეთისგან განსხვავებით, განათლების სფეროში კერძო ბიზნესის შემოჭრის პროცესი ჩეხეთში და სლოვაკეთში შედარებით უფრო კონტროლირებადი იყო, რაც ძალიან პოზიტიურ მოვლენად შეგვიძლია შევაფასოთ. ამავდროულად, ბოლო წლებში, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, საატესტაციო კომისიებმა მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება დაიწყეს, მაგალითად კერძო უნივერსიტეტებს შეუზღუდეს ჰაბილიტაციის და ინაუგურაციის უფლებები, გააუქმეს/შეზღუდეს კერძო სადოქტორო პროგრამები და რამდენჯერმე ატესტაციის ჩამორთმევამდეც კი მივიდა საქმე.
დასკვნა
ბოლოსიტყვად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩეხეთის და სლოვაკეთის სახელმწიფო განათლების სისტემა, მიუხედავად ყველა სირთულისა და გამოწვევისა, დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა ეს შედარებითი წარმატება უფრო ისტორიული და კულტურული ინერციის ბრალია ვიდრე რევოლუციის შემდეგ ჩატარებული ან მიმდინარე რეფორმების. განათლების სფეროს პრივატიზაციის და ლიბერალიზაციის ზოგი შედეგის დადებითობა სადაოა და ხშირად საფუძვლიან კრიტიკას იწვევს. ამავდროულად, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს: 1. ჩეხეთის და სლოვაკეთის სკოლებში დღემდე არსებული წესრიგი, ორგანიზებულობა და კვების სისტემა; 2.უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული განათლების ხარისხი, მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 3. სასწავლო პრიორიტეტებში პროფესიული განათლების დაბრუნება.