‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

ფოტო გარეკანზე: thedailybeast.com

სტივ ბენონი თანამედროვე ამერიკული კონსერვატიზმის მედროშე

“დემოკრატები … ჩვენ მივხედავთ მათ, ჩვენ დავამარცხებთ მათ, როგორც დავამარცხეთ ჰილარი კლინტონი. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ გახრწნილ და არაკომპეტენტურ რესპუბლიკურ ისთებლიშმენტს.“ ამ სიტყვებით მიმართა გასულ თვეში თეთრი სახლიდან წამოსულმა დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა და სტარტეგოსმა სტივ ბენონმა სენტ-ლუისში შეკრებილ ასეულობით კონსერვატორ აქტივისტს. ბენონმა მისი თეთრი სახლიდან წასვლა იმ მიზეზით ახსნა, რომ დონალდ ტრამპს საზოგადოებაში თავისი იდეების დასაცავად,  მისი სახით, მყარი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მისი საქმე ახლა კონსერვატიული, პოპულისტური და ნაციონალისტური მესიჯების გახშირება და გალიბერალებული რესპუბლიკელებისგან პარტიის გაწმენდა იქნება.

პირველი ღია თავდასხმა რესპუბლიკელ ლიდერებზე, კონკრეტულად კი, კონგრესის სპიკერ პოლ რაიანსა და უმრავლესობის ლიდერ მიჩ მაკკონელზე სტივ ბენონმა CBS-ის გადაცემა ‘60 წუთისთვის’ მიცემულ ინტერვიუში განახორციელა. მან რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანულირების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან პარტია ცალსახად არ ემხრობოდა დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამას, რომელიც ეკონომიკურ პროტექციონიზმსა და ნაციონალისტურ ხედვებს ეფუძნებოდა. ამავე ინტერვიუში, ბენონმა რესპუბლიკური პარტიის წინაარმდეგ მისი ომი დააანონსა.

ბენონის თეთრი სახლიდან გაშვება ივლისის ბოლოს ტრამპის მიერ თეთრი სახლის აპარატის უფროსად ჯონ კელის დანიშვნას უკავშირდება. კელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი სამხედრო მეთაურია, რომელიც ბენონის ანტიმილიტარისტულ და იზოლაციონისტური პოლიტიკის მოწინააღმდეგეა. სტივბენონი საგარეო თავგადასავლებსა და ინტერვენციონიზმს ღიად უცხადებდა უნდობლობას. იგი თვლიდა, რომ აშშ-ის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე უარი უნდა ეთქვა, ხოლო ავღანეთშიაშშ-ის სამხედრო შენაერთების დარჩენას ეჭვის თვალით უყურებდა. მან პრეზიდენტს ახალი ინიციატივაშეთავაზა, რომლის მიხედვითაც, აშშ ავღანეთში სახელმწიფო თავდაცითი ძალების ნაცვლად კერძო, დაქირავებულ ჯარისკაცებს გამოიყენებდა. იდეა არასერიოზუალდ აღიქვეს გენერალიტეტში, მაგრამ იგიტრამპს მოეწონა. კელის გარდა, ბენონის ხედვების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე გენერალიმაკმასტერი იყო, რომლის სამხედრო წარმომავლობა და ცენტრისტული ხედვები ბენონის ნეიტივისტურიიდეოლოგიის საპირისპირო იყო. მაკმასტერის წრეში ავღანეთის ომს ‘მაკმასტერის ომსაც’ კიუწოდებდნენ. ჯერ კიდევ ივნისში, მისი ინიციატივით ჯეიმს მეტისს საშუალება მიეცა ავღანეთშიდამატებით 3900 ჯარისკაცი გაეგზავნა, მაგრამ მეტისი ტრამპის მიერ ავღანეთის ომის სტრატეგიისსაჯაროდ გაცხადებას დაელოდა.

სწორედ, ავღანური გეგმის გაცხადებამდე ორი დღით ადრე სტივ ბენონი ადმინისტრაციიდან დაითხოვეს. ამ შემთხვევაში გამარჯვება სამხედრო კორპუსს დარჩა. ბენონის წასვლით დონალდ ტრამპმა მისიძლიერი იდეოლოგიური მხარდამჭერი დაკარგა, რომლის დახმარებითაც იგი, როგორც წინასაარჩევნოკამპანიას, ასევე მისი ხელისუფლების იდეურ მმართველობას ეწეოდა. სავარაუდოდ, მმართველობისპროცესში ტრამპზე გენერალიტეტის გავლენა გაიზრდება, რამაც შესაძლოა ტრამპის შედარებითსტანდარტულ, კონვენციურ პრეზიდენტად გადაქცევის პროცესი დაიწყოს. მაგრამ ტრამპის იდეოლოგიური მიმართულება არ შეიცვლება, რადგან თეთრ სახლში პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის პოსტზე ბენონის იდეური მომხრე სტივენ მილერი რჩება. მილერი ტრამპის ძირითადი საჯარო გამოსვლების სიტყვების ავტორია. მისი შემოქმედებაა ექვსი მუსლიმური ქვეყნიდან აშშ-ში მიგრანტების შესვლის აკრძალვაც. მილერი ცნობილია მისი რასისტული შეხედულებებითაც, უნივერსიტეტში სწავლისას მან მწერალი მაია ანჟელუ ‘რასისტულ პარანოიაში’ დაადანაშაულა და სტუდენტთა იმ ორგანიზაციის შეკრებებს ესწრებოდა, რომელიც თეთრკანიანთა რასის უპირატესობას აღიარებდა. მილერი ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია Alt-Right-ის ლიდერის რიჩარდ სპენსერის მეგობარიცაა.

სტივ ბენონი ულტრამემარჯვენე საინფორმაციო ვებ-გვერდ Breitbart.com-ზე დაბრუნდა და იქიდან განაგრძობს საზოგადოებრივ საქმიანობას. სამომავლოდ, პორტალი ტრამპის მმართველობის და ე.წ. ტრამპიზმის მთავარი პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნება.

 

კონსერვატიული ტრამპიზმი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას შორის კონკრეტული კანონპროექტების თაობაზე უკვე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. ობამაქეარის გაუქმება და მისი ახლით ჩანაცვლების პროცედურა იყო. ივლისის ბოლოს სენატში გამართულ კენჭისყრაზე ობამაქეარის გაუქმებას უმრავლესობიდან სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა მხარი არ დაუჭირა, მათ შორის ჯონ მაკკეინმა. ტრამპის კრიტიკა უმრავლესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს დაატყდა თავს, ვისაც პრეზიდენტმა საქმის კეთების გაგრძელებისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის წინ ობამას ჯანდაცვის სისტემაზე ხელახალი კენჭისყრა საერთოდ ჩაიშალა, რადგან რესპუბლიკელი სენატორების სრული მხარდაჭერა ჯერ კიდევ ვერ შედგა. ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და რესპუბლიკელების ობამაქეარის გაუქმების შვიდწლიანი მცდელობა კრახით დასრულდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის დაპირისპირებას კიდევ ერთი საკითხი, სექტემბრის დასაწყისში არასრულწლოვანთა საიმიგრაციო აქტის (DACA) გაუქმება დაემატა. გადაწყვეტილების მიხედვით, 800 000-მდე არასრულწლოვანი აშშ-ის ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პრეზიდენტმა კონგრესს  აქტის ახალი, პერმანენტული ლეგალური ჩარჩოთი 2018 წლის მარტამდე ჩანაცვლება  დაავალა. პარტიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყველა არ ემხრობოდა. მაგალითისთვის, სპიკერი პოლ რაიანი DACA-ს მოწინააღმდეგე არ ყოფილა. პირიქით, იგი DACA-ს გაუქმებამდე პრეზიდენტს მოუწოდებდა გადაწყვტილებისგან თავი შეეკავებინა. ვარაუდობენ, რომ DACA-ს ახალი კანონით ჩანაცვლება თვითონ პარტიაშიც სამომავლოდ განხეთქილების თემა გახდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 26 სექტემბერს, ალაბამას შტატში რესპუბლიკური პარტიის სენატის არჩევნების პრაიმერში რადიკალმა კონსერვატორმა, სტივ ბენონისა და დონალდ ტრამპის ფავორიტმა ყოფილმა მოსამართლემ როი მურმა მიჩ მაკონელის კანდიდატი ლუთერ სთრეინჯი დაამარცხა და დეკემბერში დაგეგმილ სენატის არჩევნებში დემოკრატი დაგ ჯონსის დამარცხება შეეცდება.

ამერიკული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებს შორის ოპერაციულ დონეზე კონფლიქტი იდეოლოგიური წინაპირობებითაა განაპირობებული. რესპუბლიკურ პარტიას ხშირად იდეების არქონაში ადანაშაულებენ, რომელმაც დაკარგდა მისი იდეოლოგიური ორიენტირი. პარტია უკვე დეკადებია, რაც მსხვილი კაპიტალის მსახურად დგას და ლიბერალური ხედვებისკენ გადაიხარა. ტრამპის მიერ ულტრამემარჯვენე კონსერვატიზმის მხარდაჭერა პარტიის ტრადიციული სახის დაკარგვაზე ერთგვარი ბუნებრივი რეფლექსიაა. ტრამპიზმი თანამედროვე რესპუბლიკური პარტიისთვის მიუღებელია.

ტრამპიზმის რადიკალურმა მემარჯვენე ხედვებმა აშშ-ში თეთრკანიანთა საშუალო კლასის მობილიზება მოახერხა. იგი რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტის წინააღმდეგ, რომელიც Wall Street-თან უკვე წლებია შეკრულია და მოსახლეობასთან გაუცხოებას ახდენს, რამდენიმე ძირითადი კონსერვატიული იდეით ილაშქრებს:

ნიჰილიზმი – ტრამპმა შეძლო და მის ამომრჩეველში ობამას დროინდელი ამერიკული ყოფის დისკრედიტაციით ნიჰილიზმი დათესა. იგი გამალებით აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის სრულ კრახს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე – ირანის ბირთვული შეთანხება, კუბასთან გაუმჯობესებული ურთიერთობა, პარიზის კლიმატის შეთანხმება, სირიის კონფლიქტი -ასევე შიდა პოლიტიკაში – ობამაქეარი და სხვა მისი მნიშვნელოვანი განკარგულებები.

პროტექციონიზმი – ტრამპის ერთ-ერთი მთავარი რადიკალური ხედვა ეკონომიკური პროტექციონიზმია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო თავისუფალ ვაჭრობას წამყვან ქვეყნებთან – ჩინეთი, კანადა, იაპონია, მექსიკა. მისი გადაწყვეტილებით ამერიკული კომპანია, რომელიც მის საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს დაიბეგრება. პრეზიდენტის ამგვარი ხედვები პოპულარობით სარგებლობს ამერიკელ დასაქმებულებში.

ნეიტივიზმი – ტრამპი თავისი ევროპული ფესვებით თეთრკანიანთა ლიდერია, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამერიკაში სხვადასხვა კანის ფერისა თუ რასის ადამიანების მომრავლებას, მათ შორის ლათინოსების. თეთრკანიანთა უპირატესობის გამოკვეთით იგი ცდილობს აშშ-ში მიგრანტთა ყოველწლიური მილიონიანი ნაკადი შეამციროს.

პოპულიზმი – ტრამპის ლექსიკა მარტივია, რომელიც ტერმინოლოგიების და დეტალებში ჩაღრმავებას არ ეფუძნება. მისი დისკურსი მისაღებია პოლიტიკურ დებატებში გაურკვეველი და უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებისთვის. მაგრამ ხშირად მისი გადმოცემის სიმარტვე მის აუთენტურობას არ გულისხმობს.

ნაციონალიზმი – ტრამპის მის ამომრჩეველში ქვეყნის ჭეშმარიტ ლიდერად აღიქმება, რომელსაც უპირველესად მისი ქვეყანა აინტერესებს – მისი უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სიდიადე – და უგულებელყოფს ლიბერალურ ტოლერანტობას, სოციალურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ კორექტულობაზე.

 

ჩაის პარტიის გაგრძელება?!

რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიურ სახეცვლილებებს მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ 2009 წელს ე.წ. ჩაის პარტიის მოძრაობის სახით გამოუჩნდა. მოძრაობის წევრების მთავარი კრიტიკის საგანი ჯორჯ ბუშის და შემდგომ უკვე ობამას ხელისუფლების დროს მთავრობის მიერ უშედეგოდ გაფლანგული სახელმწიფო ხარჯები იყო. ისინი ეწინააღდეგებოდნენ 2008 წლის ფინანსური კრიზისით დაზარალებული ბანკების, სადაზღვევო და საავტომობილო კომპანიების სახელმწიფო ფინანსებით დახმარებას. მათ მიაჩნდათ, რომ ბიუჯეტის სახსრების ამგარი ხარჯვა რეპრეზენტაციის გარეშე ხდებოდა.

თანამედროვე ჩაის პარტია სამ ძირითად მოთხოვნას ეყრდნობა: ფისკალური პასუხიმგებლობა, შეზღუდული მთავრობა და თავისუფალი ბაზარი. მათი მთავარი მახასიათებლია პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური კლასისა და მედიის მიმართ უნდობლობა. პარტიას არ აქვს ორგანიზაციული სახე, არც წევრები და ლიდერები. იგი მოძრაობის სახეს ინარჩუნებს, ვისთანაც სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ საჯარო პერსონა საკუთარი თავის აფილირებას ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნები ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა, მათ ხშირად ბრალს სდებენ ქსენოფობიაში, რასიზმსა და ჰომოფობიაში. ამ მოძრაობის მხარდამჭერთა უმეტესობა თეთრკანიანი მამაკაცები არიან. ისინი ჯერ კიდევ არ თვლიან, რომ ობამა ამერიკელია და ობამაქეარის კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან.

მოძრაობის აფილაცია რესპუბლიკურ პარტიასთან ხდება, მაგრამ მოძრაობის წარმომადგენლები პარტიის საქმიანობით უკმაყოფილები არიან და ისინი მას საკუთარი ტრადიციების მიტოვებაში სდებენ ბრალს. მოძრაობასთან ასოცირდებიან ცნობილი პოლიტიკოსები: რონ და რენ პოლები, ტედ კრუზი, სარა პელინი, ტედ პო და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

ტრამპიზმსა და ჩაის პარტიას ბევრი საერთო აქვს. დონალდ ტრამპის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ფისკალურ მომჭირნეობას ეფუძნება, სადაც სახელმწიფო ხარჯები მცირდება განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, გარემოს დაცვასა და ა.შ. საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეზრდება. ამასთანავე, ტრამპი მასშტაბური დერეგულაციის მომხრეა და ეკონომიკის ზრდას თავისუფალ ბაზარს ანდობს. მისი განცხადებით, იგი რეგულაციების 75%-ის გაუქმებას აპირებს.

ტრამპიზმში ეკონომიკურ საკითხებზე მეტად ჩაის პარტიის სოციალური შეხედულებებია გამძაფრებული, რაც მას უფრო კონსერვატიულად და მარჯვნივ გადახრილად აქცევს. იგი ჩაის პარტიის მსგავსად ანტიისტებლიშმენტურია, ლიბერალურ ელიტებს ებრძვის და მედიის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეაქვს, რაც ნათლად ვლიდნება პრეზიდენტის მედიის საწინააღმდეგო დისკურსში. ტრამპსა და ჩაის პარტიას კიდევ ერთი საერთო აქვთ – ისინი ობამას მემკვიდრეობას რადიკალურად უარყოფენ და ებრძვიან.

დონალდ ტრამპს, ჯერ კიდევ მისი წინასაარჩევნო კამპანიისას, საიმიგრაციო პოლიტიკაზე მხარდაჭერა გამოუცხადა Tea Party Group-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯადსონ ფილიპსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი რომელისთვისაც ამერიკის ინტერესები იქნება უპირველესი. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე, მესამე ტალღის ჩაის პარტიისთვის მკაცრმა საიმიგრაციო პოლიტიკამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩაის პარტიის მემარჯვენე ფრთა მოსახლეობაში ვაშინგტონის მიმართ ბრაზის გენერირებას ახდენდა, საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის დათესვას, პარანოიისა და კონსპირაციული თეორიების გააქტიურებას უწყობდა ხელს. მათი მთავარი მიზანი ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, პარტიებისა თუ მედიის მიმართ სამოქალაქო უნდობლობის გაზრდა იყო. ისინი ხშირად მიმართავდნენ პოპულისტურ დემაგოგიას, რომელიც  ამერიკულ პოლიტიკურ დებატში ნელ-ნელა ეფექტური ინსტრუმენტი ხდებოდა. ჩაის პარტიამ მოახერხა და შექმნა ნოყიერი გარემო, საიდანაც დონალდ ტრამპის პერსონა და მისი იდეური ხედვები აღმოცენდა და სახალხო მხარდაჭერა მოიპოვა. შარშანდელ საპრეზიდენტო პრაიმერში ჩაის პარტიის წარმომადგენლად ტედ კრუზი მიიჩნეოდა, მაგრამ მასზე უკეთ მკაფიო, კონსერვატიული აქცენტების დასმა და ამომრჩეველთან ეფექტური კომუნიკაცია დონალდ ტრამპმა მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტსა და ჩაის პარტიას შორის ბევრი საერთოა, მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც ტრამპის რადიკალური კონსერვატიზმის წინააღმდეგ გამოდიან.

 

დასკვნის მაგიერ

დონალდ ტრამპის ხედვები, რომელსაც ტრამპიზმის სახელით მოიხსენიებენ, მხოლოდ დემოკრატიული პარტიის საწინააღმდეგო რიტორიკით არ გამოირჩევა. მეტწილად იგი რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტის მიერ მოძველებული ან თუნდაც იდეისგან დაცლილი პოლიტკური კურსის კრიტიკასა და მის გადააზრებას გულისხმობს. ტრამპიზმის რადიკალური მემარჯვენეობა ამერიკული პოლიტიკისთვის სიახლე არ არის, მსგავსი ტიპის შეხედულებები ჯერ კიდევ ჩაის პარტიის მოძრაობას წლების წინ გააჩნდა. ტრამპის რესპუბლიკურ საპრეზიდენტო პრაიმერში გამარჯვებას რესპუბლიკური პარტიის მიერ სწორედ ჩაის პარტიის მოთხოვნების უგულებელყოფასაც აბრალებენ. ტრამპიზმი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ჩაის პარტიის ახალი, უფრო რადიკალური ტალღის გამოვლინება-გაგრძელებადაც.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.