ამერიკელი კონგრესმენების წერილები - ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან
რამაზ საყვარელიძე

ბოლო პერიოდში ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე წერილი გამოუგზავნეს, რომლებშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ ცალკეული საკითხების მიმართ ოფიციალური თბილისის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საჯაროდ გამოთქვეს საყვედური: 1) „საარჩევნო რეფორმის (შერეული სისტემიდან პროპორციულ მოდელზე გადასვლა) დაპირების არშესრულების“ გამო; 2) „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, პოლიტიკური ნიშნით, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან“ დაკავშირებით; 3) „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე“; 4) „ბიზნესზე ზეწოლაზე“; „ეკონომიკურ ვარდნაზე“, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრობლემებზე“, „ფრონტერას“ მიმართ დამოკიდებულებაზე…

ამავე თემებზე მწვავე განცხადებები გაკეთდა რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდანაც.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული შენიშვნების მართებულობაზე, ამ შენიშვნების გათვალისწინების საჭიროებაზე კომენტარი ვთხოვეთ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს.

 

ბატონო რამაზ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ყველაზე მკაფიოდ, პრეტენზია გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა უკან წაიღო თავისივე შეთავაზება და უარი თქვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე. ოპოზიციამ ამ საკითხზე დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებში „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრულის დასაწყისი დაინახა, სახელისუფლებო გუნდში კი განაცხადეს, რომ ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ახლა, როდესაც უკვე ცნობილია ეუთოს/ოდირის დასკვნა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე. წ. „გერმანულ“ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ საკითხს საბოლოოდ მოეფინა ნათელი?

ყველას გვახსოვს ეპიზოდი ქართული მხატვრული ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი დაჟინებით ითხოვს, რომ „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა იყოს“. ეს არ არის დოდო აბაშიძის მიერ გახმოვანებული მხოლოდ იმდროინდელი ხელისუფლების გადარჩენის ფორმულა. თანაც, ეს ფორმულა მხოლოდ პოლიტიკაში როდი მოქმედებს – ჩვენ რომ აღმოვჩნდეთ ოჯახში, სადაც ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეჩხუბება, იმას კი არ ვეტყვით, შენ მართალი ხარ, ის კი მტყუანიო, არამედ საერთო ენის გამონახვას შევთავაზებთ.

იგივეს ეუბნებიან ხელისუფლებასა და ოპოზიციას დასავლელი პოლიტიკოსები: „ეცადეთ, იპოვოთ საერთო ენა“. იგივე მოწოდებას შეიცავს ეუთოს/ოდირის დასკვნაც.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ითქვა ჯერ თანხმობა, შემდეგ კი უარი პროპორციული წესით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისფლების მიერ დაშვებული შეცდომა იყო. ჰოდა, დასავლელმა პოლიტიკოსებმაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს: „გაასწორეთ შეცდომა, რომ არ იყოს ბუნტი“.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე უარი მას შემდეგ თქვა, როდესაც საკუთარი კვლევებით დარწმუნდა, რომ მაჟორიტარული წესის გაუქმების შემთხვევაში, 2020-ის არჩევნებში დამარცხდებოდა. რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდება?

ეს არგუმენტი ხელისუფლებისთვის კომპლიმენტად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ  გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მან წინასწარი კვლევების ჩატარების გარეშე მიიღო. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან ხელისუფლება ხშირად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლომდე არა აქვს დამუშავებული. შესაბამისად, ხელისუფლების „უხარისხობა“, მსგავსი პრობლემების დროს, კარგად გამოჩნდება ხოლმე.

მე არც ის ვიცი, რამდენად კვალიფიციური იყო იმ გამოკვლევის (თუ ის საერთოდ ჩატარდა) ანალიზი, რომლითაც უარი ითქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.

პროპორციული სისტემაზე გადასვლა, ნულოვანი ბარიერით, ნიშნავდა პარტიულ არჩევნებზე გადასვლას და ეს იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის აპათია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, არის იმედგაცრუება, პირველ რიგში, როგორც პარტიის მიმართ.

ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიულ (პროპორციულ) არჩევნებში უკეთესად ნამდვილად არ ექნებოდა საქმე, ვიდრე შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) არჩევნების პირობებში. თანაც, ნულოვანი ბარიერი შექმნიდა ისეთ ფონს, რომლის დროსაც, ბევრი ოპოზიციური პარტია წყალს შეუყენებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტულობას. ამდენად, ჩემი აზრით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნებოდა და ამიტომ გაუგებარია, რატომ შეცვალა მან ეს გადაწყვეტილება.

ეუთოს/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზციას აქვს თუ არა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ხელისუფლების ბოლო შეთავაზებას, რომელიც 100 პარლამენტარის პროპორციული წესით  და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას ითვალისწინებს?

ზემოთ ხელისუფლება დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმაში გავაკრიტიკე, მაგრამ რა შედარებაა ეს იმ დაუფიქრებლობლასთან, რომელსაც ძალიან ხშირად  ავლენს ოპოზიცია! ამ შემთხვევაში, ენერგიას არ ვგულისხმობ – ის ოპოზიციას საკმარისი აქვს, – დაუფიქრებელი ქმედებები მაქვს მხედველობაში. რატომ დაუფიქრებელი? თუნდაც იმიტომ, რომ მას (ოპოზიციას) გაუგებარი ალერგია აქვს მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. არადა, მაჟორიტარობა გულისხმობს ერთი მანდატისთვის ბრძოლას, რომლის დროსაც ძალების კონცენტრაცია უფრო ადვილია.

ოპოზიციას შეუძლია, ამა თუ იმ რეგიონში, იპოვოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ექნება. პარტიული სიის წარდგენის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ამომრჩეველმა ოპოზიციურ პარტიას ნდობის მანდატი არ მისცეს. ანუ, მაჟორიტარული სისტემის პირობებში ბრძოლა  ოპოზიციისთვის, შესაძლოა, უფრო მომგებიანიც კი იყო.

ეუთო/ოდირის დასკვნა გამოადგება თუ არა ვაშინტონში შეხვედრების გასამართად გამგზავრებულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ გააბათილონ  ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკული შენიშვნები საარჩევნო ნაწილში?

რა თქმა უნდა, გამოადგებათ. ამასთან, გამოთქმული შენიშვნები მთლად ისეთი კრიტიკულიც არ იყო, როგორი რეაქციაც მოჰყვა საქართველოში.

ანუ, თქვენი აზრით, კრიტიკის „ხარისხი“ გამუქდა?

ალბათ, ასეა. სულ 10 პოლიტიკოსიც კი არ გროვდება, ვინც ასეთი პოზიცია გამოხატა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონმდებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან და როგორ წარმოგიდგენიათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, საქართველოს პარლამენტის 10 წევრი რას იტყვის?

საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული კიდევ ერთი კრიტიკული მოსაზრება შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით კრიტიკას გაგრძელება აღარ ექნება, რადგან ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტი უვადოდ უზენაესი სასამართლოს ახალ მოსამართლეებს აღარ დაამტკიცებს და ამ საქმეს ახალ პარლამენტს „გადააბარებს“. და მაინც, ალბათ საინტერესოა: ამერიკელი პოლიტიკოსების შენიშვნები შეეხებოდა მოსამართლეებად უვადოდ დანიშნულ ცალკეულ პერსონებს თუ მთლიანად, პროცესს?

როგორც ჩანს, დასავლელ პოლიტიკოსებამდე მიაღწია ნეგატიურმა ინფორმაციამ ცალკეულ პერსონებზე და მათ ჩათვალეს, რომ შერჩევის სისტემა იყო არასრულყოფილი. ამასთან, ეს კრიტიკა ზოგჯერ არათანმიმდევრულია. მაგალითად, ისინი, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე, მეორე მხრივ, კი გვსაყვედურობენ, რომ საკმაოდ გამჭვირვალე არ იყო, რის გამოც უვადო მოსამართლეებად მავანნი დაინიშნენ. როგორც ჩანს, დაიდო ცალკეული პერსონების სია და მათაც, როგორც შეეძლოთ, ისე „მოგვდეს შარი“.

შარი შარად დარჩეს, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რაშია საქმე.

საზოგადოების (და არა ოპოზიციის!)  ძირითადი საპროტესტო რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ის ხალხი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა, კვლავ რჩება სასამართლო ხელისუფლებაში, რათა ახლა უკვე „ოცნებას“ ემსახუროს. ბუნებრივია, რომ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში  დაიტოვა უკან დასახევი გზა იმით, რომ უზენაესი სასამართლოს დანარჩენი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2020 წელს ასარჩევ პარლამენტს გადააბარა. ეს არის ამერიკელებისთვის ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ თქვენს მიერ გამოთქმულ შენიშვნებს მომავალი პარლამენტი გაითვალისწინებსო. თუმცა, დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის მიზანს უკვე მიაღწია – მოსამართლეებად ვისი არჩევაც უნდოდა, უკვე არჩეულები არიან.

დასავლელი პოლიტიკოსების წერილებში საყვედური იკითხება პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე, აგრეთვე  გასულის წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე…

მე მგონი, ამ საკითხზე თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, თქვენ ამ საქმესთან უფრო ახლოს ხართ და ალბათ, უკეთ ერკვევითო. კარგი ნათქვამია იმ კუთხით, რომ თვალები გვაქვს და მომხდარიდან დიდი დრო არ არის გასული. თუ არა და – სხვისთვის ჭკუის სწავლება ადვილია.

ამ მოვლენებს სიღრმისეულადაც რომ არ ჩავხედოთ, იმის გახსენება შეიძლება, რომ 2012 წელს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა სააკაშვილს, მისი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო და არა იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პლატფორმა არ მოსწონდა. ამიტომ, როდესაც კანონი ირღვევა, მისი დამრღვევი აუცილებლად დაისაჯოს. მეტიც: მოსახლეობის ნაწილი იმით არის უკმაყოფილო, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის იმაზე ცოტა ვინმე დაისაჯა, ვინც დასჯას იმსახურებდა. ივანიშვილის გუნდის ხარვეზი (მისი მმართველობის დასაწყისშიც და შემდგომ პერიოდშიც) არის ის, რომ ეს მესიჯი უგულველყო.

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პრეტენზიები არსებობს არა როგორც პოლიტიკური ოპონენტის, არამედ როგორც დანაშაულის ჩამდენის მიმართ. რადგან ეს მომენტი ჩრდილში მოექცა, ამიტომ არის, რომ ჯერ  “ნაციონალებმა“ ატეხეს ყვირილი, ქვეყანაში პოლიტიკური დევნააო და შემდეგ მათ ცალკეულმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა დაუჭირეს მხარი. ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან არასათანადო კომუნიკაციის ბრალია.

ეს კომუნიკაცია მას შემდეგ შესუსტდა, რაც „ქართული ოცნება“ დატოვა იმ ჯგუფმა, ვინც საერთაშორისო კავშირების კოორდინირებაზე იყო პასუხისმგებელი და თუ პროცესი უფრო ადრე დაიწყო?

დასავლელების კრიტიკული პოზიცია და განწყობა უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე „ქართულ ოცნებაში“ ეს პროცესები დაიწყებოდა. გაიხსენეთ, ევროპარლამენტში „სახალხო პარტიის“ განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო კავშირებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც „ოცნების“ რიგები დატოვა, მანადეც ვერ ახერხებდა ამ ამოცანის (სათანადო კომუნიკაციის) განხორციელებას.

დასავლელი პოლიტიკოსების შენიშვნების „ეკონომიკური ბლოკიდან“ შეიძლება გამოვყოთ „ბიზნესზე ზეწოლა“, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრობლემები, „ფრონტერას“ საკითხი…

„ბიზნესზე ზეწოლაზე“, „თი-ბი-სი“ ბანკსა და „ფრონტერაზე“ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ შემთხვევაში, საქმეში შიგნიდან კარგად უნდა იყო ჩახედული, მაგრამ, ყოფით დონეზე შეფასების გაკეთება და დასკვნების გამოტანა ნამდვილად  შეიძლება.

სააკაშვილის მმართველობის დროს, ძალიან ხშირად ისმოდა, რომ ხელისუფლებამ ვიღაცა ციხეში ჩასვა და მისი ქონება დააყადაღა, ან ეს ქონება ვიღაცას გადაუფორმა, ასევე ვიცით, რომ იმ პერიოდში არსებობდნენ ე.წ „ღამის ნოტარიუსები“ და ა.შ… თავად ვარ იმის მომსწრე, რომ ჩემი ერთი ნაცნობი ბიზნესმენი ციხეში მანამდე აყურყუტეს, სანამ ფული არ მიატანინეს… ასეთი ამბები, ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის პერიოდში ხშირად გვსმენია.

როდესაც გავრცელდა ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადება ბიზსესზე ზეწოლის შესახებ, ჩემს ნაცნობ ბიზნესმენებს ჩავეკითხე, ასეთი ამბები დღეს ისევ თუ ხდება-მეთქი. მსგავსი არაფერიო, მივიღე პასუხად.

ასე რომ, დღეს ბიზნესზე ზეწოლა, ხალხში მოარული ინფორმაციის სახით, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუ ამერიკელების მიერ მოყვანილ მაგალითებს განვიხილავთ, თითოეულ მათგანს თავისი ხინჯი აქვს – „ფრონტერამ“ თანამშრომლებს ხელფასი არ გადაუხადა და ამან ხმაური გამოიწვია, „თი-ბი-სი ბანკსაც“ ჰქონდა პრობლემები, ანუ მეხი უღრუბლო ცაზე არ გავარდნილა, ერთი მხარეც აღიარებდა, რომ რაღაც პრობლემები არსებობდა და მეორეც…

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ანაკლიის პორტის მშენებლობაა. ჩემმა კიდევ ერთმა ნაცნობმა ბიზნესმენმა, რომელიც საერთაშორისო კომუნიკაციების სფეროში ტრიალებს, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სკანდალი აგორდებოდა, განმიმარტა, რომ შავი ზღვის აუზში ანალოგიური პორტები ბევრ სახელმწიფოს აქვს და ამდენად, ანაკლიის პორტი ისეთი კონკურენტუანარიანი ვერ იქნება, დანახარჯები მალე რომ ამოიღოსო. ამიტომ, მისივე შეფასებით, წმინდა კომერციული კუთხით თუ შევხედავთ, ინვესტორები ანაკლიის პროექტის დაფინანსებით მაინცადამაინც დიდად დაინტერესებულნი არ უნდა ყოფილიყვნენ.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტის აშენება უფრო პოლიტიკური, სახელმწიფო პროექტია, ვიდრე კომერციული. შესაბამისად, ვინც დაინტერესებულია ასეთი პროექტით, იმან უნდა დააფინანსოს და მისი კომერციალიზაცია საჭირო არ არის. კომერციის ელემენტი ამას შემდგომში თავისთავად მოჰყვება, თუმცა, ის გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ვერ იქნება.

მომავალში, ალბათ, კვლავ დარჩება ძალაში ამერიკული მხარის პირობა ანაკლიის პორტის პროექტში რუსული და ჩინური კაპიტალის არდაშვების თაობაზე. ეს თხოვნა ჩვენს გამო არ გაკეთებულა. გავიხსენოთ, როდის დაიძრა ანაკლიის საკითხი – როდესაც ყირიმი რუსეთის საზღვაო ბაზა გახდა და ამით შავი ზღვის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, გამეფდა. ასეთ პირობებში, ამერიკას დასჭირდა თავისი მტკიცე საყრდენი.

მითუმეტეს, ვაშინგტონს თურქეთის მიმართ ძველებური ნდობა აღარ აქვს, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთთან დაწყებული პოლიტიკური თამაშების გამო. შესაბამისად, რეგიონში აშშ-ის საიმედო საყრდენად ჩვენღა ვრჩებით და შესაბამისად, ანაკლიის პორტის აშენება დღის წესრიგიდან, ალბათ, არ მოიხსნება.

ასე რომ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაღაცეები კიდევ მოხდება. ვნახოთ, რით დაბრუნდება ამერიკიდან საქართველოს დელეგაცია. ვფიქრობ, ყველაზე მეტი ლაპარაკი ვაშინგტონში სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე იქნება.

ბოლოს, ისევ დასავლელი პოლიტიკოსების წერილების თემას დავუბრუნდეთ. რამდენად არის დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკაში  წერილობითი ურთიერთობის ასეთი საჯარო ფორმა?

ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა. ფსიქოლოგიური ომი კი სულაც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას, იყოს თუ არა კომუნიკაცია საჯარო.

პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით, ასეთი მწვავე შინაარსის წერილების „გაშიშვლება“ გამართლებულია?

ფსიქოლოგიურ ომს მორალი არა აქვს. აქ მხოლოდ გამარჯვებულები და დამარცხებულები არსებობენ.

ქართულ მხარეს, ალბათ, შეეძლო აერჩია ორი გზა: გასაჯაროებულ წერილებზე ასევე ღიად და წერილობით ეპასუხა, ან პირისპირ შეხვედროდა მეორე მხარეს და შეხვედრების ფორმატში განეხილა დაყენებული საკითხები. საქართველოს ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია და მოსალაპარაკებლად ვაშინგტონში გაეგზავრა. თქვენი აზრით, ეს გზა უფრო სწორია?

მე ვფიქრობ, ორივე ნაბიჯი ერთდროულად უნდა გადადგმულიყო. ამერიკელები ელოდნენ ჩვენი დელეგაციის ჩასვლას, მაგრამ წერილები მაინც გამოგზავნეს – ანუ, ფსიქოლოგიური შეტევა მაინც განახორციელეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ ამერიკაში ვიზიტით უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ფსიქოლოგიურ შეტევაზე არ უპასუხოს. არადა, ფსიქოლოგიური დაწირისპირება სხვა ფრონტია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გამართული დისკუსია – სხვა. ფსიქოლოგიურ ფრონტზე როდესაც გესვრიან, შენც სროლით უნდა უპასუხო და ამის შემდეგ დიალოგში შესვლა უფრო ადვილია.

 

ესაუბრა გიორგი ასანიშვილი

დატოვე კომენტარი