შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. რა უნდა ვიცოდეთ, რისთვის და გვჭირდება თუ არა ჩვენ ჩვენი სტრატეგია?

12:00, 13.12.2025

 

რატომ არის ეს დოკუმენტი ჩვენთვის საინტერესო?

შესავალში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი სტრატეგია განსაზღვრავს თუ რა პოზიცია უნდა ეკავოს შეერთბულ შტატებს მსოფლიოში და როგორ უნდა განახორციელოს ეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მსოფლიოს ნომინალურად  პირველი ეკონომიკის და სამხედრო ძალის პოზიციონირების გარკვევა საკმარისი არგუმენტია ვიცნობდეთ ამ დოკუმენტს. თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანია ის, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რამდენიმე საკითხი უნდა გამოვყოთ.

რა სურს ამერიკას?

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას და მათ შორის ამ კონკრეტულ დოკუმენტსაც დასავლურ მედიაში იზოლაციონისტური უწოდეს, ეს რბილად რომ ვთქვათ არასწორია. ამ დოკუმენტში გარდა იმისა, რომ ამერიკის დომინანტი პოზიციების შენარჩუნებას საკმაოდ მსუყე ნაწილი ეძღვნება, აქ პრინციპულად განსაზღვრულია რომელი ქვეყანა და რა უქმნის ამ დომინაციას საფრთხეს და როგორ უნდა მოახდინოს ამერიკამ ამ საფრთხის ნეიტრალიზება. 

დოკუმენტი კონკრეტულად განსაზღვრავს მსოფლიოს რეგიოენებს პრიორიტეტების მიხედვით. დასავლეთ ჰემისფეროს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული კონკურენტი ძალების გავლენების შემცირება და აღკვეთა, არასასრუველი რეჟიმების წინააღმდეგ მოქმედება და მათი ოპონენტების მხარდაჭერა, სასურველი და მოკავშირე რეჟიმების გაძლიერება. 

მეორე პრიორიტეტად ე.წ. ინდო-წყნარი ოკეანის რეიგიონია, რომელიც განისაზღვრება მომავალში ძირითადი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ბრძოლის ველად. ამ საკითხს ოდნავ ქვემოთ განვავრცობთ, რადგან რეალურად ეს რეგიონი და კონკრეტულად ჩინეთთან პაექრობა ამ სტრატეგიის მთავარი ამოცანაა.

მესამე რეგიონი – ევროპაა, სადაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ამერიკის ახალი ხედვის მიხედვით გადალაგება. ამერიკა ცდილობს რუსეთ-ევროპის კონფლიქტის დაძლევას და ევროპის ტერიტორიაზე საკუთარი რესურსების ხარჯვის მინიმიზაციას. ამისათვის საჭიროა ევროპამ იმ პოლიტიკურ ლოგიკას და ნორმებს უპასუხოს, რაც ამერიკაში ტრამპის მოსვლის შემდეგ გაძლიერდა. 

ახლო აღმოსავლეთი – რა თქმა უნდა, ასევე პრიორიტეტად დასახელდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მნიშვნელობა დაქვეითებულია. რეგიონი აღარ წარმოადგენს ენერგორეურსების ძირითად წყაროს, ამერიკის შეერთებული შტატები თავად იქცა წიაღისეული საწვავის წამყვან ექსპორტიორ ქვეყნად და ზოგადად ენერგორესურსების მიწოდება ბევრად დივერსიფიცირებულია; რეგიონი აღარ წარმოადგენს გლობალურ ძალებს შორის დაპირისპირების ძირითად არეალს და ამ ძალებს შორის მანევრებში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთან მოკავშირეობით; დაბოლოს,  მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტურობა რეგიონის მახასიათებლად რჩება, სტრატეგიის ავტორთა მტკიცებით, მისი პრობლემურობა მნიშვნელოვნად გაზვიადებულია. 

ბოლოს სტრატეგია აფრიკის კონტინენტსაც ახსენებს. ამ კონტინენტზე შეერთებული შტატები გეგმავს წარსულის პრაქტიკა დაასრულოს, რომლის მიზანიც ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება იყო, შეწყვიტოს ე.წ. დახმარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება და გზა დაუთმოს ვაჭრობასა და ინვესტირებაზე ორიენტირებულ ურთიერთობებს, რამაც ამერიკულ პროდუქციას ახალი ბაზრები უნდა შესძინოს, ხოლო, თავის მხრივ, ხელმისაწვდომი გახადოს აფრიკული რესურსები, მათშორის იშვიათი წიაღისეული მეტალები და მინერალები.

სტრატეგიის მთავარი იდეა

შეიძლება ითქვას, სტრატეგიის მთელი არსი ჩინეთის, როგორც მთავარი ოპონენტის განსაზღვრას და მის შეკავებას ეხება. მათ შორის, სტრატეგიული რეგიონების და იქ სამოქმედო ამოცანების დასახელებიდან, ჩანს რომ მთავარი ამ რეგიონებში ჩინეთის გავლენების შემცირებაა. ჩიური საწარმოების, ჩინეთის სახელმწიფო კრედიტების, ჩინური ინვესტიციების და ჩინეთისთვის სასარგებლო წიაღისეულზე წვდომის შეზღუდვა მთავარ ამოცანებს წარმოადგენს იქაც კი, სადაც ჩინეთი პირდაპირ ნახსენები არ არის. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა 4 დეკემბერს

საინტერესო პარალელია, რომ როგორც ევროპაში, ისე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, შეერთებული შტატები საკუთარ პარტნიორებს ნატოსა და ე.წ. ქუადში (ოთხმხრივი თავდაცვითი დიალოგის ფორმატი, რომლის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა ინდოეთი, თუმცა სწორად ინდოეთის სტრატეგიულ პარტნიორად ქცევა ჩინეთთან დაპირისპირებაში, შეიძლება იყოს ამერიკის მთავარი გამოწვევა ამ რეგიონში) თავდაცვის ხარჯების გაზრდას სთხოვს. შეერთებულ შტატები ამით ცდილობს, საკუთარი დანახარჯების კონცენტრაციას, გლობალური ტვირთის პატრტნიორებზე გადანაწილებას და რაც მთავარია, ჩინეთის გარშემო სტაბილური დაძაბულობის შექმნას, რათა ჩინეთის გლობალური მოქმედების თავისუფლება შეზღუდოს.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის გაძლიერებას ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთის და პირველ რიგში ამერიკის წარსულში არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გათვლებს უკავშირებს. ის აღნიშნავს, რომ იმედი, თითქოს ჩინეთის დასავლურ ეკონომიკური სისტემაში ინტეგრაცია მას ასევე ე.წ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის (rules-based international order) ნაწილადაც აქცევდა, მცდარი აღმოჩნდა. ამის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე დოკუმენტი, რეალურად გაბატონებული ეკონომიკური წესრიგის საწინააღმდეგო ინსტრუმენტების გამოყენების აუციელბლობაზეც საუბრობს. ტარიფები და სავაჭრო რეჟიმების გადახედვა ჩინეთთან, ამერიკის დიპლომატიის და არამხოლოდ დიპლომატიის მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს. აუცილებელია, ამერიკის პარტნიორები სწორედ ამ ლოგიკას მიყვნენ ჩინეთთან ურთიერთობისას. ეს ეხება, როგორც დასავლეთის ჰემისფეროს ქვეყნებს, ისე ევროპას და რა თქმა უნდა, აზიის პარტნიორებს, რომლებშიც შეერთებული შტატები, როგორც უკვე ვთქვით, ინდოეთსაც მოიაზრებს. 

მართალია სტრატეგია აზია-წყნარი ოკეანის აუზში ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა არაფერს ამბობს მცირე, რეგიონული მასშტაბის პროქსი დაპირისპირებებზე. მეტიც, ახსენებს რა ტაივანის გარშემო შესაძლო კონფიქტს და საკუთარ სამხედრო ძლიერებას ამ კონფლიქტის მთავარ შემაკავებელ ფაქტორად განსაზღვრავს, ამავე დროს, ამით მიუთითებს ჩინეთის ტაივანით დაკავების პოტენციალზე, რაც ამერიკისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება ჩინეთის დასასუსტებლად და მისი გავლენების შესამცირებლად სხვა რეგიონებში.

ასე რომ, მთელი სტრატეგიის არსი მდგომარეობს, ყველა შესაძლო საშუალებით ჩინეთთან დაპირისპირებაში წარმატების მიღწევაში. ამას ემსახურება მონროს დოქტრინასთან დაბრუნებაც, რუსეთ-უკრაინის/ევროპის კონფლიქტის მოგვარებაც, ახლო აღმოსავლეთიდან ყურადღების გადატანაც, დიპლომატიაც, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების გადახედვაც, ე.წ. პროტექციონიზმიც და ყველაფრი სხვაც. ანუ სტრატეგია, არათუ იზოლაციონისტურია, არამედ ამერიკის გლობალური დომინაციის შენარჩუნების ის დოკუმენტია, რომელიც მათ შორის აღიარებს რეალობას. რეალობას, რომელიც ამერიკას რესურსების გაფანტვის, ე.წ. დახმარების პოლიტიკის წარმართვის, იდეოლოგიური პარადიგმის გავრცელების შესაძლებლობას აღარ უტოვებს. ახალ გარემოში ეს ინსტრუმენტები აღარ მუშაობს. შუამავალი არასამთავრობო ორგანიზაციები, დემოკრატიის გავრცელების ნარატივი, ადამინის უფლებების დაცვის სახელით წარმართული ომები, ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. სამყარო არ გახდა ლიბერალური. ლიბერალური დემოკრატია არ არის უნივერსალური მოდელი, მითუმეტეს მას თავად სახლში აქვს უამარავი გამოწვევა. ამდენად, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამერიკას მოუწევს იყოს პრაგმატული, “პრაგმატიზმის” გარეშე, რეალისტური, “რეალიზმის” გარეშე, პრინციპული “იდეალიზმის” გარეშე, მასკულანური, მაგრამ არა “აგრესიული”, თავშეკავებული, მაგრამ არა “დამთმობი”.   

დასკვნა – რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ?

იდელაიზმის და უნიპოლარიზმის უპირობო ეპოქა დასრულდა. გლობალური დომინაცია საკმაოდ ხელშესახებ, დათვლად მდგენელებს შეიძლება დაეფუძნოს და არა იდეალებს და უნივერსალურ ღირებულებებს. 

გლობალურ ძალთა შორის ბალანსის წესრიგისგან ჯერ კიდე საკმაოდ შორს ვართ. შეერთებული შტატები არ აპირებს საკუთარი პოზიციების დათმობას. მეტიც, დეკადების განმავლობაში ინვესტირებულის ამოღებას გეგმავს საკუთარი პარტნიორებისგან. აღარავითარი დახმარების პროგრამები და სავაჭრო დისბალანსი. გზავნილი მარტივია – დანახარჯს დაბრუნება უნდა, ტვირთს გადანაწილება. შესაბამისად ევროპელმა და აზიელმა პარტნიორებმა ინვესტირებული ბენეფიტი უნდა დააბრუნონ და ამდენად ჩინეთის შეკავებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. 

რუსეთი არ უნდა იქცეს ჩინეთის უპირობო და თან მასზე დაქვემდებარებულ პარტნიორად. ამ ორი ქვეყნის ბირთვული პოტენციალი, აპრიორი წამგებიან პოზიციაში აქცევს შეერთებულ შტატებს, რასაც თან ერთვის ჩინეთის ეკონომიკა და ორი ქვეყნის კონვენციური შეიარაღების პოტენციალი და ასევე მათი გავლენები ე.წ. “გლობალურ სამხრეთში”. შესაბამისად რუსეთთან კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უნდა განისაზღვროს. შესაძლოა სწორედ ამ ამოცანას უკავშირდება წინამდებარე დოკუმენტში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ ერთი წინადადების არ არსებობაც. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში ჩინეთს მზარდი ინტერესები აქვს, ეს რეგიონი, სამხრეთ კავკასიასთან ერთად, როგორც წესი თეორიულად და ცალკეულ შემთხვევებში პრაქტიკულადაც (მაგალითად საქართველო) მაინც რუსეთის წინააღმდეგ პროქსი კამპანიის წარმოების არეალად მოაზრებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, რუსეთის დასუსტება და მისის შეკავება პირველი რიგის ამოცანას აღარ წარმოადგენს. როგორც ჩანს ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში კისინჯერის იდეებმა იმძლავრა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. თავისუფალი გლობალური ვაჭრობის და სრული დერეგულაციის იდეის დასასრულიც. მართალია ამერიკა საკუთარ პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროპელებს ადანაშაულებს უაზრო რეგულაციების არსებობაში ამერიკული პროდუქციის წინააღმდე და ითხოვს მათგან სავაჭრო დისბალანსის აღმოფხვრას, მაგრამ ამასთან ერთად სთხოვს რეგულაციებს ჩინეთთან ვაჭრობის ნაწილში. ამის გარდა, თავადაც აქტიურად იყენებს სატარიფო პოლიტიკას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ანუ, რეალურად ის რასაც ვაშინგტონის კონსენსუსის შემდეგ საერთაშორისო სისტემა ეფუძნებოდა, საერთაშორისო საფინანსო და სავაჭრო ინსტიტუციები მართავდნენ, დღეს ერთი ქვეყნის ინტერესს უნდა დაექვემდებაროს, რადგან ასე სჭირდება დღეს ამ ერთ ქვეყანას. 

რას ამბობს ეს ყოველივე? როგორც თავად სტრატეგია აღნიშნავს, ბრუნდება ე.წ. ერი-სახელმწიფოების, სუვერენული მოთამაშეების ეპოქა. სუვერენიტეტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იდეის პოზიციებს იბრუნებს, ვიდრე უნიპოლარიზმში იყო. სუვერენიტეტი მოითხოვს ეკონომიკურ სუვერენულობასაც. აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული გლობალური ეკონომიკური წესრიგის მოთხოვნებზე, რადგან სულ მცირე ეს მოთხოვნები უკვე დეკლარირებულად მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესს უნდა მოემსახუროს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საკუთარი სუვერენული პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც სახელმწიფოს როლს კიდევ უფრო მკვეთრს გახდის და ასევე სწორად დაინახავს რეალობას, გაითვალისწინებს მას და შესაბამისად დაგეგმავს ჩვენს მოქმედებებს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პოზიციების გაძლიერება ჩვენს რეგიონში, რეგიონში, რომელიც თუ წინამდებარე სტრატეგია სწორად მესმის, გარკვეული დროით შესაძლოა აღარ იყოს განხილული რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებულ იარაღად და შესაბამისად სხვა, უფრო მშვიდობისთვის დამახასიათებელი გამოწვევების წინაშე დავდგეთ. მშვიდობასაც აქვს თავისი გამოწვევები.

თავის-თავად, ამერიკისა და ჩინეთის მზარდი დაპირისპირება, უაღრესად დიდ ყურადღებას ითხოვს ჩვენგან. ამ დაპირისპირებაში ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის შეცდომა, რომელსაც თავი ავარიდეთ რუსეთთან დაპირისპირების პროცესში 2022 წელს. მართალია დაპირისპირების არეალი ჩვენგან საკმაოდ შორს არის, თუმცა ყველა რისკის და შესაძლებლობის სწორად გათვლა აუცილებელია. 

საბოლოო ჯამში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სტრატეგია, ხოლო სტრატეგიას, სჭირდება ცოდნის ინსტიტუციონალიზაცია. 

p.s. შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს მაინც ტრამპის სტრატეგიაა და მართლაც დოკუმენტში მრავლად არის ჩანართები ტრამპის და მისი ხედვების მოშველიებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სამი წლის შემდეგ, თუ ტრამპს გადაირჩევენ, ეს სტრატეგიაც გადაიხედება. თუმცა დიდი ვარაუდით ეს მცდარი ფიქრია. ჩინეთი როგორც მთავარი ოპონენტი ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს განისაზღვრა. მას შემდეგ ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ კონკურენციაში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება და ამ ძირითად ხაზსს უკვე აღარაფერი შეცვლის. ეს დოკუმენტი დიდწილად მაინც ამერიკის ესტაბლიშმენტის რეალობის აღქმას გამოხატავს და არა კერძოდ ტრამპის. ტრამპი ამ პოზიციის ამ ეტაპზე შესაფერისი გამომხატველია. ელიტას ესაჭიროება ფიგურები, რომლებიც დიდი ხნის დომინანტი ნარატივების დეკონსტრუქციას უმტკივნეულოდ მოახდენენ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი