ფოტო გარეკანზე: Flickr.com
გასულ კვირას სირიის დედაქალაქ დამასკოში 59-ე საერთაშორისო ბაზრობა გაიმართა, სადაც აფხაზეთის დელეგაციაც იღებდა მონაწილეობას. დელეგაციაში დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა შედიოდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ბაზრობის გახსნის დღეს ჯერ ქვეყნის პრემიერ იმად ხამის და მის სირიელ კოლეგა ვალიდ ალ-მუალემს, ხოლო შემდგომ სირიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ნაჯდათ ანზურს შეხვდადა სირიასა და აფხაზეთს შორის საერთო ინტერესებზე დაყრდნობით თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრა. კოვეს თქმით, მათ საერთო მოწინააღმდეგე აშშ-ის სახით ჰყავთ, რომელიც როგორც სირიის, ისევე აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. ამას გარდა, კოვემ სირიას ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ადგურ არძინბა მის სირიელ კოლეგა მუჰამედ სამერ ხალილს შეხვდა, სადაც მათ მხარეებს შორის თანამშრომლობის ფორმები განიხილეს. არძინბას განცხადებით, აფხაზურმა მხარემ სირიასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მზაობაც კი გამოხატა. მინისტრი თვლის, რომ სირიაში გარკვეულ პროდუქტებზე შექმნილი დეფიციტის შესამცირებლად აფხაზეთს ქვეყნისთვის საკუთარი საქონლის მიწოდება შეუძლია. მან რუსული პროდუქციისთვის აფხაზეთის სატრანზიტო მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოხუმის პორტიდან ლატაკიის პორტამდე გემებს მხოლოდ ხუთი დღე სჭირდებათ.
დამასკოს საერთაშორისო ბაზრობა 1954 წლიდან იმართება, რომელიც 2011 წლიდან ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო აღარ ჩატარებულა. წლევანდელ ბაზრობაში 45 ქვეყანა, მათ შორის დასავლეთ ევროპულ (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) და 1562 კომპანია მონაწილეობს. ბაზრობა 17 აგვისტოს დაიწყო და ათ დღეს გაგრძელდება.
აფხაზ-სირიული ურთიერთობა
სირიულ წამომადგენლობასა და აფხაზურ მხარეს შორის პირველი არაფორმალური კონტაქტი 2015 წლის დეკემბერს დამყარდა, როდესაც მოსკოვში სირიის ელჩ რიად ჰადადს დე-ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა შეხვდა. შეხვედრის შემდგომ ჩირიკბამ იმედი გამოთქვა, რომ სირიის სუვერენული სახელმწიფო მომავალში აფხაზეთთან ითანამშრომლებდა და მის დამოუკიდებლობას აღიარებდა.
2016 წლის ნოემბერში სოხუმში სირიელი ხალხისთვის სოლიდარობის გამომხატველი დემონსტრაცია გაიმართა, სადაც შეკრებილ აფხაზებს სირიის დროშა, არაბული და რუსული წარწერებით ტრანსფარანტები ეჭირათ ხელში. დემონსტრაციის მონაწილეებს სიტყვით დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც მიმართა. მან სირიას მოძმე ერი უწოდა და მშვიდობასა და ტერორიზმთან ბრძოლაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. შემდგომ უკვე სირიის არაბული ახალი ამბების სააგენტოსთან ინტერვიუში ხაჯიმბამ სირიასა და აფხაზეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
2016 წლის დეკემბერში, სოხუმში აფხაზეთისა და სირიის ნაკრებებს შორის პირველი შეჯიბრი გაიმართა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში კი, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რეპატრიაციის კომიტეტის ინიციატივით, სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. დახმარება 12 ტონა მინერალური წყალი ‘კოდორისგან’ შედგებოდა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებაში აფხაზეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაუწია დახმარება.
აფხაზეთსა და სირიას შორის მნიშვნელოვანი საკითხია რეპატრიაცია. სირიაში დაწყებული ომიდან პირველ ხუთ წელიწადში აფხაზეთში 500-ზე მეტი აფხაზი წარმოშობის სირიელი დაბრუნდა. ისინი მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მუჰაჯირობის დროს რუსეთის იმპერიიდან ოტომანთა იმპერიაში გადასახლდნენ. აფხაზური მხარის მონაცემებით, სირიაში 5000-ზე მეტი აფხაზური წარმოშობის სირიელი ცხოვრობს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკა აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს ამ ადამიანების უკან დასაბრუნებლად, რათა საკუთარ მოსახლეობაში ეთნიკურად აფხაზების წილი გაზარდოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობამ ‘რეპატრიაციის ფონდი’ შექმნა, სადაც 2012-14 წლებში 1.5 მილიონი დოლარი გადაირიცხა. თანხები მოხმარდა აფხაზეთში დაბრუნებულ სირიელთა ფინანსურ, საბინაო და საგანმანათლებლო დახმარებას. აფხაზეთი მათ უფასო აფხაზური და რუსული ენის გაკვეთილებს სთავაზობს და მომავალში დასაქმებასაც პირდება.
აღიარების შანსები
სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და საქართველოს შორის ერთადერთი კონტაქტი 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დამასკოს ეწვია და მის კოლეგას შეხვდა. მათ შორის სასაუბრო თემები საქართველოს არააღიარების პოლიტიკა და ქვეყნებს შორის ტურისტული პოტენციალის განვითარება იყო.
2016 წლის მიწურულს ალეპოს ინტენსიური დაბომბვის შემდგომ საქართველო სირიას საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ბავშვებისთვის 100 000 დოლარით დაეხმარა. ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ოფისს, სირიის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ფარგლებში გადაერიცხა.
საქართველოსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას ქვეყანას შორის ურთიერთობის ათვლის წერტილი 1994 წლიდან იწყება, მაგრამ ქვეყნებს შორის პირდაპირი წარმომადგენლობა დღემდე არ არსებობს. საქართველო სირიის ტერიტორიას ეგვიპტეში, კაიროში არსებული საელჩოთი ფარავს, ხოლო სირია საქართველოს სომხეთში, ერევანში მოქმედი წარმომადგენლობით.
ეჭვი, რომ სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს საფუძვლიანია. ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების არსებობა და დღემდე მისი ძალაუფლებაში ყოფნა 2015 წლის შემოდგომაზე სირიის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩარევამ განაპირობა. უკვე მეორე წელია, რაც რუსული მხარის აქტიური სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციების დახმარებით სირიის სამთავრობო ძალები ქვეყანაში ამბოხებულ ისლამისტურ დაჯგუფებებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს: ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ნუსრას ფრონტს ეფექტურად და შედეგიანად ებრძვიან. ექვსწლიანი სამოქალაქო ომის დასასრული იქითკენ მიდის, რომ ბაშარ ალ-ასადი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რისი მთავარი არქიტექტორებიც რუსეთი და ირანი იქნებიან. ამას გარდა, რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი და პოლიტიკური ტრანზიციისთვის ასტანას მოლაპარაკებების ინიციატორია.
ასადის, შესაძლოა პირდაპირი გაგებით, გადარჩენამ სირიის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაახლოვა რუსეთის ინტერესებს. ასადის რეჟიმის მკვეთრი ანტიამერიკანიზმის ფონზე მისი მხრიდან სულ უფრო და უფრო ძლიერდება პრორუსული პოლიტიკის მხარდაჭერის ტენდენციაც. საქართველო ახლო აღმოსავლეთის მეზობელ კავკასიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეა, მასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და მთელ რიგ შემთხვევებში საქართველოს უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორია. ლოგიკურად, საქართველო სირიის კონფლიქტში დასავლური კოალიციის მხარდამჭერია. მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო და ფიგურანტი ძალისთვის ადეკვატური და პროპორციული პასუხის გაცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამ შემთხვევაში ეს ძალა ასადის ხელისუფლება იყო.
ამგვარად ჩამოყალიბებულმა რეალობამ აფხაზურ მხარეს აქტიურობისკენ უბიძგა და მათ დე-ფაქტო რესპუბლიკის აღიარების საკითხი სირიის არაბული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ნელ-ნელა წინ წამოწიეს. ჯერ-ჯერობით სირიელი ლიდერები აფხაზეთთან არაფორმალურ კონტაქტებს თანხმდებიან, მაგრამ ფორმალურ დონზე მათი ურთიერთობა გადავა თუ არა, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
სირიის სახელმწიფოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ისლამისტური დაჯგუფებების გარდა, არსებობს სეპარატისტული ძალა სირიელი ქურთების სახით. ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ტერიტორიის თითქმის 1/5-ს სირიელი ქურთები და მათი სახალხო დაცვის შენაერთები (YPG)აკონტროლებენ. ქვეყანაში ქურთების ტრადიციული მოკავშირე აშშ-ია, რომელთან ერთად ისინი აქტიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებენ. ამჟამად, ისინი გაერთიანებული ძალებით ისლამური სახელმწიფოს მეორე დედაქალაქად გამოცხადებულ რაქას აღებას ცდილობენ.
მეორე პრობლემა, რაც სირიის ტერიტორიულ მთლიანობას უკვე ათწლეულებია უდგას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობებია. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად ისრაელმა ამ ტერიტორიის 2/3-ის ოკუპაცია მოახდინა. დარჩენილი 1/3 სირიის ადმინისტრაციის ქვეშ რჩება. ტერიტორიების გამყოფ ბუფერულ ზოლზე გაეროს UNDOF მისია დგას. 1967 წლიდან 1981 წლამდე გოლანის მაღლობები ისრაელის სამხედრო ადმინისტრაციის ქვეშ იყო, მაგრამ 1981 წლის დეკემბერში ისრაელის ქნესეთმა ‘გოლანის მაღლობების კანონი’ მიიღო, რომელმაც ეს მიწები ისრაელის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. საერთაშორისო საზოგადოება ამ ტერიტორიას ისრაელის მიერ ოკუპირებულად თვლის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 467-მა ისრაელის ანექსია არალეგალურად ცნო.
სირიის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შესაძლო აღიარება თავად სირიისთვის მთელ რიგ საფრთხეებს აჩენს. პირველ რიგში, ქურთულ სეპარატისტულ ძალებს გაუჩნდებათ ძლიერი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მათი მიზნების დაკმაყოფილება – სირიის ქურთისტანის მინიმუმ ფედერაციულ ერთეულად აღიარება მოთხოვონ. მეორე საკითხად, სირიის არაბული რესპუბლიკის ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე წაერთმევა სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც იგი გოლანის მაღლობების საკუთარ ტერიტორიად მტკიცებას გააგრძელებს. მიუხედავად სირიის ხელისუფლების რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებისა, მას ფორმალურად, საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე აფხაზეთის აღიარება შიდა სახელმწიფოებრივი ერთიანობის შენარჩუნების გამო გაუჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, არაფორმალურ დონეზე მხარეებს შორის ურთიერთობა შენარჩუნდება და გაღრმავდება.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.