9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
დილიდან მემორიალთან რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და იქ მისულ მოქალაქეებს შორის, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თავდაპირველად 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქალაქეებს რამდენიმე მედიასთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევდნენ.
ასევე, აქციის მონაწილეები საშუალებას არ აძლევდნენ ზოგიერთ ადამიანს, მემორიალთან მისულიყვნენ და დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. მემორიალთან მისვლამდე ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა შეკითხვას უსვამდნენ. სწორედ ამას მოჰყვა მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე მისული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მემორიალი არავის საკუთრება არ არის და ნებისმიერ ადამიანს შეუფერხებლად უნდა ჰქონდეს მისვლის შესაძლებლობა.
ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთ-ერთ მოქალაქეს აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ადგილზე განთავსდნენ შსს-ს დამატებითი ძალები. მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი განარიდეს.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დილიდან იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.