9 აპრილის მემორიალთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

11:17, 09.04.2026

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კერძოდ, ადგილზე მივიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები.

ასევე მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც. მათ 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

პარალელურად, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი არიან აქციის მონაწილეები. პერიოდულად მათი მხრიდან ისმოდა შეძახილები: „მონა“, „რუსებო“.

ამასთან, დღეს დილით 9 აპრილის მემორიალთან სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება იყო და აქციის მონაწილეები ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი