ყვითელჟილეტიანების ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში

ინციდენტებით დაიწყო პარიზში ყვითელჟილეტიანების ფართომასშტაბიანი აქცია. ვითარება აქციის დაწყებიდან მალევე დაიძაბა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენა. პარიზის რამდენიმე რაიონში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის უკვე მოხდა მცირე შეტაკებები. არიან დაშავებულებიც. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება შანზელიზეს ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ისვრიან, მათ შორის ბოთლებსა და ქვებს. ყვითელჟილეტიანთა აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას, ხელფასების მომატებასა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობენ, როგორც რადიკალი მემარჯვენე, ისე მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებისგან გაისმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც. პოლიციაში შიშობენ, რომ დემონსტრანტებს შორის იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც არეულობის მოწყობას შეეცდებიან. საფრანგეთის პოლიცია იძულებული გახდა, ყვითელჟილეტიანების აქციებისთვის შემუშავებული ტაქტიკა შეცვალა, რადგან სამართალდამცველების აქამდე არსებული სტრატეგია სოციალური ქსელებით გავრცელდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ძალადობისგან თავი შეიკავონ და დიალოგის მაგიდასთან დაბრუნდნენ. კრისტოფერ კასტანერის განცხადებით, პოლიცია პარიზში არეულობას არ დაუშვებს და კანონდამრღვევების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპით იმოქმედებს.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ და ასევე ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, მოერიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +337 83 31 86 89. რა ვითარებაა ამ დროისთვის, გურამ როგავა აშუქებს საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის პარიზიდან.

 

დატოვე კომენტარი