COP31-ზე შეთანხმება ვერ შედგა, ევროკავშირმა და რამდენიმე ქვეყანამ საბოლოო დოკუმენტი უარყვეს
თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის სამიტზე, COP31-ზე, საბოლოო შეთანხმების მიღება ვერ მოხერხდა.
სამიტის პრეზიდენტმა, მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, რის გამოც წარდგენილი გადაწყვეტილებები არ დამტკიცებულა.
შეთანხმების პროექტი ოფიციალურად უარყო ევროკავშირმა. მას შეუერთდნენ პანამა და მარშალის კუნძულები. წინააღმდეგობა გამოხატა ნორვეგიამაც.
ინფორმაციას „ბიბისი“ და „გარდიანი“ ავრცელებენ.
მთავარი უთანხმოება წიაღისეული საწვავის საკითხს უკავშირდება. შეთანხმების 12-გვერდიან პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი, რომელთა გამოყენების შემცირებასაც ევროკავშირი მოითხოვს.
ევროკავშირის სახელით გამოსულმა ირლანდიის მინისტრმა დარა ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ გაერთიანება ვერ მიიღებს დოკუმენტს, რომელშიც წიაღისეული საწვავი ნახსენებიც არ არის. მან პროექტი კლიმატის დაცვის მიმართულებით არასაკმარისად შეაფასა და მას „მწვანე იმიჯის შექმნის მცდელობა“ უწოდა.
ევროკავშირის პოზიციას მხარი დაუჭირა პანამამაც, რომლის წარმომადგენლის განცხადებით, შემოთავაზებული ზომები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკმარისი არ არის. საპირისპირო პოზიცია აქვთ საუდის არაბეთს, რუსეთსა და ინდოეთს, რომლებიც შეთანხმებაში წიაღისეული საწვავის გამოყენების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერს ეწინააღმდეგებიან.
პროექტის თანახმად, ქვეყნებს 2035 წლისთვის ენერგიის მთლიან მოხმარებაში ელექტროენერგიის წილი 35 პროცენტამდე უნდა გაეზარდათ. დოკუმენტი ასევე აღიარებდა, რომ მსოფლიო ვერ შეძლებს გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვის მიზნის შესრულებას, რომელიც პარიზის კლიმატის შეთანხმებით განისაზღვრა.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი სადავო საკითხია კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად საჭირო დაფინანსებაც, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ანტალიაში მიმდინარე მოლაპარაკებები ხანგრძლივობით უკვე აღემატება COP25-ის სამიტს, რომელიც 2019 წელს მადრიდში გაიმართა და შეთანხმების მისაღწევად დამატებით ორი დღე გახდა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი შეთანხმება არ დამტკიცდა, სამიტი ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა. მონაწილე ქვეყნები გამოსვლებს აგრძელებენ და ნაწილი კომპრომისის მოძებნის აუცილებლობაზე საუბრობს.