World Travel Awards-ის დაჯილდოება

ბათუმში, „ტურისტული ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ჯილდო მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმაც. ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მან კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწია.

რაც შეეხება ბათუმს, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო წელს ქალაქმა ისევ მიიღო. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდან ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა, სასტუმროებმა და კომპანიებმა.

„ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილ ღონისძიებას, World Travel Awards-ის საიუბილეო, ევროპის გალა ცერემონიას, საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა.