უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება სახელისუფლებო წრეებში. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა და გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ყველა მეგობარმა ის ამაში უკვე დაარწმუნეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და ჩამოთვალა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს კუნძულ ზმეინის დაბრუნებისთვის. გარდა ამისა, კიევში ამერიკელ სენატორებს ლინდსი გრემს და რიჩარდ ბლუმენტალს უკრაინის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა ფრონტის წინა ხაზზე არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რისთვის ემზადებიან ოკუპანტები.