ვითარება ქალაქ მარიუპოლში

ლეგიონი „აზოვი“ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, დაღუპულებისა და დაჭრილებისთვის მწვანე დერეფანს ითხოვს. ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო მიმართვას „ტელეგრამზე“ ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, პროცესს ორგანიზება გაუწიონ. მისი თქმით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე – ქალები, ბავშვები და მოხუცები აფარებენ თავს. ეს კარგად იციან, რუსმა ოკუპანტებმა, თუმცა მაინც ბომბავენ თავშესაფარს. ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსეთის ძალების ბლოკადაშია. ქალაქის მერის განცხადებით, ამჟამად მარიუპოლში 100 ათასი მცხოვრები იმყოფება, კიდევ 50 ათასი სამოქალაქო პირი კი, ქალაქის შემოგარენში, სოფლებში ელოდება დახმარებას და ევაკუაციას. 17 აპრილს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.