ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, სამი ადამიანი შეიყვანეს. ერთს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი მესაზღვრეა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ერთ-ერთ ქალბატონთან, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა. სამივე პაციენტს ანალიზები უკვე ჩაუტარდა და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
იტალიიდან ჩამოსული რვა ადამიანი ზუგდიდში თვითიზოლაციაში იმყოფება. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია აცხადებს, რომ მათი მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამ ადამიანებს მინიმალური კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.