აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე დღეს ონლაინ ფორმატში ისაუბრებენ. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები უკრაინისა საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის ფონზე გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ თუ რუსული აგრესიის შედეგად ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერება გახდება საჭირო, ალიანსი ამას გააკეთებს. თავის მხრივ, პუტინმა უკვე არაერთხელ გაიმეორა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ევროული დიპლომატიის აკადემიის თავმჯდომარესა და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარეს, პროფესორ კატაჟინა პისარსკას, რომელიც რიგაში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.
ფართომასტაბიანი შეტევის გარდა, სხვა რა მიზნები და მოცანები შეიძლება ამოძრავებდეს რუსეთს, როდესაც უკრაინის საზღვრებთან დიდი რაოდენობით სამხედროების მობილიზებას ახდენს?
ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ სულ ახლახან დავბრუნდი ლატვიის დედაქალაქიდან, სადაც ნატო-ს მინისტერიალი იმართებოდა. მქონდა შესაძლებლობა, ბევრ მაღალჩინოსანს გავსაუბრებოდი. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება უკრაინის საზღვრებთან უფრო მასშტაბური და სერიოზულია, ვიდრე ეს აპრილში იყო. რუსეთის სამხედროების მობილიზაციის მასშტაბი შეიძლება შევადაროთ 2014 წლის მოვლენებს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დაიწყო ომი დონბასში. ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის სერიოზულად არის განწყობილი და სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე საათში შეუძლია უკრაინაში შეჭრა. მეტიც, ახლა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, უკრაინაში შეიჭრას ბალარუსიდანაც, სადაც კრმელს ასევე მობილიზებული ჰყავს ჯარისკაცები. ლუკაშენკოს რეჟიმიც მზადაა, ამ პოლიტიკურ დათმობაზე წავიდეს, რომ უკრაინაზე თავდასხმა მოხდეს ბელარუსის ტერიტორიიდან, თუ რუსეთი ასე გადაწყვეტს. თქვენ მეკითხებით, რა არის პუტინის საბოლოო მიზანი. გეტყვით, რომ დასავლეთი სერიოზულად განიხილავს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას და კრმელის ამოცანაა, დაბლოკოს რეფორმების პროცესი უკრაინაში. განიხილება ის ვარიანტიც, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის იმიტაციას ახდენს, რათა ნატო-სა და ევროპელი პარტნიორებს მეტი დაათმობინოს. ეს დათმობა უპირველს ყოვლისა ცხადია, შეეხება უკრაინას. რუსეთის სურვლია, მიიღოს რაიმე სახის ფორმალური დაპირება, რომ უკრაინა უახლოეს მომავალაში არ შეურთდება ნატო-ს. კრემლს ასევე სურს დისკუსიის დაწყება ახალი სახის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. თუმცა, ამ საკითხზე საუბარი იმ ქვეყენასთან, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში შეჭრით იმუქრება, სავარაუდოდ არ შედგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ახლა ცდილობს, გაიგოს, რამდენად დიდი სარგებლის მიღება შეუძლია უკრაინისადმი მუქარით, რადენად შეუძლია, დააშინოს დასაველთი, რათა დასავლეთმა ხელი აიღოს უკრიანის მხარდაჭერაზე.
ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისგან, რომ რუსეთს სურს, ნატო აღარ გაფართოვდეს აღმოსავლეთით. რუსეთი ფაქტობრივად ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველოს არ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. რამდენად შესაძლებელია, ასეთ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართოს?
ვერ ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრებმა განაცხადონ, რომ ნატო-ს კარი დახურულია უკრიანისა და საქართველოსთვის. ამისთვის საკმარისად ბევრი მიზეზი არსებობს. უმთავარესი ის არის, რომ მსგავსი განცხადება ეწინააღმდეგება ჩრდილოატალანტიკური შეთანხმების საბაზისო პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, გახდეს ნატო-ს წევრი, თუ ამის სურვილი ექნება, მოსამზადებელ სამუშაობს ჩაატარებს და იზიარებს ნატო-ს ღირებულებებს – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ყველა წევრი შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილი ამ ღირებულებების დაცვაში, მაგრამ ეს პრინციპები მაინც არის ნატო-ს წარმატების საფუძველი, რადგან სწორედ ღირებულებებია, რაც ყველაზე მეტად გვაახლოებს, აჩენს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და უფრო მეტიც, ხშირად ჩვენ სიცოცხლესაც ვწირავთ ერთმანეთისთვის. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთელი ნატო-ს წინააღმდეგ აგრესიად განიხილება. დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვხედავ შესაძლებლობას, ნატო მიიღოს განცხადება, რომელიც რუსეთს სურს. მეტიც, რუსეთის ხელისუფლების წევრები ხშირად ამტკიცებენ, ნატო-მ წარსულში დადო პირობა, რომ ალიანსის აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, თუმცა ამის მტკიცებულბა რუსებს არ წარმოუდგენიათ. ნატო წარსულში არაერთხელ გაფრათოვდა, რადგან ახალ წევრებს ალიანსში წევრობა სურდათ. ამ გაფართოების წარმატებული მაგალითები არის ცენტრალურ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთშიც. პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი – ეს ქვეყნები შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, როდესაც ნატო-ს გაფრთოებაზე ვსაუბრობთ. ნატო-ს რიგებში ამ ქვეყნების მიღებამ, რეგიონს რეალური უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოუტანა. ნატო არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი უსაფრთხოების გასავრცელებლად, არა რომელიმე ქვეყენაზე ზეგავლენის მოსახდენად, არამედ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რადგან ნატო-ს წევრობა ნიშნავს დასაველური ღირებულებებს დაცვას. სწორედ ამის ეშინიათ რუსეთის ხელისუფლებაში ყველაზე მეტად. რასაც კრემლი აკეთებს, თავად რუსი ხალხის ინტერესებშიც არ შედის, რადგან ყველა სახელმწიფოს სურვილია, მეზობლად ჰყავდეს პროგნოზირებადი, განვითარებული, უსაფრთხო ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ კონფლიქტი. ამიტომ, რასაც რუსეთის ხელისუფლება აკეთებს, მხოლოდ რეჟიმის ინტერესებშია. ის იბრძვის რეჟიმის შენარჩუნებისთვის და ეშინია რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელების.
რიგის მინისტერიალზე რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან, მაგრამ ამავე დრო ბლინკენმა მიმართა უკრაინას და მოუწოდა თავშეკავებისკენ. თქვენი აზრით, რუსეთი მხრიდან მომავალი საფრთხის ფონზე მსგავსი გზავნილები მისაღებია?
მე მოვისმინე რიგას მინისტერიალზე ბევრი განცხადება, ასევე ევროკავშირის განცხადებები, სადაც დასავლელი პარტნიორები ცალსახად უკრაინის მხარეს დგანან და ამბობენ, რომ აგრესორი რუსეთია. ამასთან ერთად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თვის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თავდაცვით პოზიციაშია და რუსეთის პროვოკაციების ფონზე თავშეკავებულად იქცევა. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებზე, თუმცა ჩემი თალთახედვით, ზოგადად რიგის მინისტერიალის მონაწილეები თანხმდებიან, რომ რუსეთი არის აგრესორი. თუმცა, მთავარი კითხვაა, რას აკეთებს დასაველთი საპასუხოდ. რიგის მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე. მათი უმეტესობა გასაიდუმლოებულია. ამიტომ, ჩვენ ვერ გავიგებთ, კონკრეტულად რა ქმედებებს ამზადებს ნატო იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ განიხილება ბევრი სხვადასხვა ზომის მიღება. ეს ზომები უნდა იყოს კოორდინირებული ევროკავშირთან, რადგან ამ ორგანიზაციას აქვს უდიდესი ეკონომიკური გავლენა და ცხადია, აშშ-სთან და ნატო-სთან, რადგან მათ აქვთ უფრო მეტი პოლიტიკური და სამხედრო ინსტრუმენტი. დღეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შედარებით რბილია. 2014 წელს ჩვენ ვიხილეთ პერსონალური სანქციები, ასევე აქტივების გაყინვა, დიპლომატიური სანქციები, როგორიც იყო რუსეთის გაძევება დიდი შვიდეულიდან. ეს ყველაფერი არ იყო ძალიან მტკივნეული რუსეთისთვის, თუმცა მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დასავლეთმა დააწესა ეკონომიკური სანქციებიც. შედეგად, კონკრეტულ რუსულ კომპანიებს ევროკავშირის კალიტალის ბაზრთან წვდომა შეეზღუდა, დაწესდა აკრძალვა იარაღის იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე შეზღუდვები დააწესა ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეეხო მხოლოდ კონკრეტულ რუსულ კომპანიებს. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ამ კომპანიების ნუსხის გაფართოება და ასევე სანქციების დაწესება ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის წინააღმდეგ. ასევე, დასავლეთს აქვს შემუშავებული უფრო მკაცრი სანქციებიც, რაც მოიცავს შეზღუდვების დაწესებას რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტზე და შესაძლებელია, რუსეთის გამოთიშვა „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან, რაც იყო გამოყენებული ირანის წინააღმდეგ. სანქციების გარდა, განიხილება უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა, რაც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ფაქტობრივად არ გაკეთებულა. დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-მა დაიწყო უკრაინის სამხედრო დახმარება და ამის გაზრდა შესაძლებელია.
თქვენ უკვე ახსენეთ ევროკავშირი, რომელმაც უკვე დადო პირობა, რომ უკრაინასა და საქართველს სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით ევროკავშირის გააქტიურება ეფექტური იქნება?
ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინაში ძალიან აქტიურია. თუ ვისაუბრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა პროგრამებით გაწეულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე, ევროკავშირი ნატოზე უფრო აქტიურიც კია. ასევე თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, ერასმუსის პროგრამა დ ახლა ამას დაემატება პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ განიხილავს ნატო ევროკავშირს მთავარ პლატფორმად სანქციებისთვის. რადგან ნატოს არ აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ყველა ეს ინსტრუმენტი არის ევროკავშირის საბჭოს ხელში. აღსანიშნავია, ისიც, რომ სწორედ ევროკავშირია რუსეთის მთავარი პარტნიორი.
დაბოლოს, მინდა გკითხოთ, დე ფაქტო რუსულ ვეტოზე, რომელზეც დღეს ბევრი საუბრობს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან 13 წელი გავიდა და უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწვერიანების კუთხით ცოტა რამ თუ შეიცვალა. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რუსეთის წინააღმდეგობა დაძლეული იყოს?
მე ვერ ვხედავ სცენარს, რომლის ფარგლებშიც რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრებას დათანხმდება, ვიდრე რუსეთში პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება. მანამდე ეს ვეტო რუსეთს ექნება, მაგრამ ფორმალურად მოსკოვს ეს ვეტო არ აქვს. ამიტომ კითხვა შემდეგშია, რატომ უნდა განვიხილავდეთ ჩვენ ამ ე.წ. ვეტოს მექანიზმად, რომელიც უკრიანისა და საქართველოს ალიანსში გაწევრებას აფერხებს. საქართველოც და უკრაინაც განიხილება ნატო-ს წევრობის მსურველ სახელმწიფოებად. ორივე ამ ქვეყანამ მოითხოვა ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა, რაზეც მათ 2008 წელს უარი უთხრეს. მაშინ გერმანიამ და საფრანგეთმა თქვეს, რომ რუსეთის გაღიზიანება არ არის საჭირო, თუმცა ამ უარიდან რამდენიმე თვეში ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინების პოლიტიკას არ მივყავართ დეესკალაციასთან. პირიქით, ასეთი მიდგომა რუსეთს უფრო მეტად არწმუნებს, რომ მას შეუძლია, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრა. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და ომმა დონბასში დაგვანახა რუსეთის რეალური ზრახვები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხზე მსჯელობისას რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება არასწორია. ნატო-ში ახალი წევრები მიღება მხოლოდ ასპირანტი ქვეყნებისა და ალიანსის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს. თუმცა, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში არის სხვა პრობლემა, რომელიც რუსეთა შექნა. რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს ორი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილს. მან შექმნას ე.წ. ნაცრისფერი ზონები და არღვევს ამ ორი ქვეყნის ტერიტოორიული მთლიანობას. ახლა კითხვა შემდეგშია უნდა მიიღოს თუ არა ნატომ ახალ წევრებად ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკონტროლებენ საკუთარ ტერიტორიას. ვფიქრობ ამ კითხვის ადრესატები არიან უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წევრები, რადგან მოვლენების იმ სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი თუ უკრაინა ხვალ შეუერთდება ნატოს. ალიანსი მაინც ვერ გასცემს დონბასისა ან ყირიმის უსაფრთხოების გარანტიას. რა მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში? რას პოლიტიკური შედეგი მოჰყვება ამას. ეს დიდი პოლიტიკური გამოწვევა იქნება საქართველოსა და უკრაინისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიის შემდეგი ეტაპია, რომლის დაწყებასაც ვერავინ ბედავს. ჩემი აზრით ამ საკითხების განხილვა აუცილებელია მოკავშირებსა და ასპირანტ ქვეყნებს შორის, სხვა შემთხვევაში. თუ არ იქნება კონკრეტული წინადადებები და შეთავაზებები, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსია დასრულდება. რუსეთი კი ახლა ცდილობს, რომ მსგავსი დისკუსია არც კი დაიწყოს.