იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანების შემთხვევებს უკავშირდება. სკვერების, პარკების, მიწისქვეშა გადასასვლელების, ტრანსპორტის, შუქნიშნების, საქანელების, სკამებისა და 150 ლარამდე ღირებულების სხვა ობიექტების დაზიანება დღემდე დაუსჯელი რჩებოდა.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ვანდალიზმის პირველი შემთხვევა 300-ლარიანი ჯარიმით განისაზღვრა, განმეორებით შემთხვევაში კი 500 ლარია და ხუთ დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული. კანონპროექტი პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლობით მომზადდა.