„უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - რუსთაველზე აქცია გაიმართება
„უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ამ სახელწოდების სოლიდარობის აქცია გაიმართება დღეს რუსთაველის გამზირზე. აქციის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველოა“, მას სხვა ორგანიზაციებიც უერთდებიან. აქციის ფარგლებში, რუსმა მხატვარმა ალისა იოფემ პარლამენტის წინ პერფორმანსი გამართა. რუსი მხატვრის განცხადებით, ის რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გმობს. ხელოვანმა პარლამენტის შენობასთან ზეწარზე შექმნილი ნამუშევარი წარმოადგინა, რომელზეც დანგრეული ეკლესია, დაშავებული ადამიანები და ომის სისასტიკეა ასახული. პერფორმანსის ფარგლებში, ხელოვანმა აქტივისტებს მაისურებზე ქართულად დააწერა „არა ომს“.