„ისტორიული დღეა, რადგანაც ოთხმა ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინის ევროპულ გეზს მხარდაჭერა გამოუცხადა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ევროპელი ლიდერების განცხადება, რომ ომის დასასრული და მშვიდობა უნდა იყოს ისეთი, როგორსაც მას უკრაინელი ხალხი ხედავს. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტის დროს კვლავაც ისმოდა საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი სიგნალები. ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ იქნება.