უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე შეტევითი ოპერაციის დროს, სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ის აეროპორტიდან რუსთავში საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი კი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართება. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს შაბათს დაკრძალავენ. ქურციკიძე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.