გამოძიება დაიწყო უბედური შემთხვევის ფაქტზე, რომელიც დღეს ვაზისუბანში მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა ვაზისუბანში დაახლოებით სამი სათის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა, კარის გაღების დროს მას ლიფტი არ დახვდა და შახტში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტში მეუღლეც ჩავიდა, თუმცა, მოულოდნელად ლიფტი ამოძრავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.
ადგილზე მისულ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს წყვილი გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული.
კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლიფტი გაფუჭებული არ იყო და, შესაბამისად, გამგეობისთვის ლიფტის შეკეთების თხოვნით არ მიუმართავთ, თავის მხრივ კი გამგეობა პასუხისმგებლობას სწორედ ამხანაგობის თავმჯდომარეს აკისრებს.