ქაბულის აეროპორტში უმძიმესი სურათია – ქვეყნიდან წასვლის მსურველებით სავსე ტერიტორია ცოტა ხნის წინ ტერორისტთა სამიზნე გახდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აეროპორტის შესასვლელთან მაშინ აიფეთქა, როდესაც მოქალაქეების ევაკუაციის მორიგი ეტაპი უნდა დაწყებულიყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი. დაშავებულებს შორის „თალიბანის“ წევრებიც არიან.
მოსალოდნელი ტერორისტული აქტების გაზრდილ საფრთხეებზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა. სხვადასხვა ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ ქაბულის აეროპორტის მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ, ადგილზე შეკრებილებს კი ტერიტორია დაეტოვებინათ. აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის გარდა, ამ დროისთვის ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეები უკვე ყველა ქვეყანას გაყვანილი ჰყავს. იმის გამო, რომ „თალიბანს“ ევაკუაციის დასასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე აქვს დადგენილი, აეროპორტში ქვეყნის დატოვების მსურველთა ნაკადები არ წყდება.