თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც საქართველოსა და არც ჩინეთის მოქალაქეებს გართულებები არ აღენიშნებათ. 24 წლის მამაკაცი და ქალბატონი, რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან.
მათი გამოკვლევების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, მომავალი კვირის სამშაბათს გახდება ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ანალიზები ნიდერლანდებშია გაგზავნილი. ამირან გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დღესვე ბრიფინგი გამართეს ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც ითქვა, რომ ჩინეთის ორი მოქალაქე, რომელიც ასევე თბილისში მკურნალობდა, თავს კარგად გრძნობს. სამედიცინო დაწესებულებას ისინი დღეს დატოვებენ.