თბილისის ბიუჯეტის პროექტი

თბილისის ბიუჯეტი 871 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება. რაც გასულ წელთან შედარებით, ათი მლ. ლარით მეტია. თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი შევიდა განსახილველად. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის განმარტებით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები, წინა წელთან შედარებით, ორი მილიონი ლარით იზრდება და 191 მლ ლარს შეადგენს. განათლების მიმართულებით 153 მილიონია ჩადებული და მომავალ წელს ათი ახალი ბაღის აშენება იგეგემება, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, აქ 174 მლ ლარია განსაზღვრული.

იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები, რაც სესხის მომსახურებისა და მუნიციპალიტეტის რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდით არის განპირობებული.

თბილისის საკრებულო მერიას კორექტირებულ ვარიანტს განხილვის შემდეგ დაუბრუნებს, რის შემდეგაც, საკრებულო ხელმეორედ შესულ ბიუჯეტის პროექტს წლის ბოლომდე დაამტკიცებს.