ეროვნული სკრინინგცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის მულტიდისციპლინური კურსი ტარდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით, სკრინინგცენტრის თანამშრომლები სლოვენიელი ექსპერტებისგან როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, რომლის მიზანი აღნიშნული მიმართულებით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარებაა.
ტრენინგზე ძირითადი აქცენტები კეთდება სლოვენიაში არსებულ ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით, ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.