დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მანსარდის გადახურვის სამუშაოები შეასრულა – ეს ჯერ უცნობია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ძლიერი ქარის გამო ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა ორი ავტომანქანა.
ერთ-ერთი დაშავებული, 54 წლის მამაკაცი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაბეჟილობა აღენიშნებოდა. დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.