სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ სასამართლოს დღეს პირველად მისცა ჩვენება.
საქართველოდან წლების წინ წასული სერგეი ჩაპლიგინი სკაიპით დაკითხეს. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა დეტალურად გაიხსენა, როგორ აიძულეს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ შვიდი წლის წინ აღიარებითი ჩვენების მიცემა.
მოწმის მონაყოლის მიხედვით, აღიარებას წინ უძღოდა ცემა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით.
ყველაფერი 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის დაკავებით დაიწყო, რომელსაც აყვანამდე რამდენიმე თვით ადრე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დათმობა მოსთხოვეს.
საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ლონდარიძის ტელეფონში შემთხვევით შერჩეული ნომრებით მოხდა ანალოგიური ბრალდებით კიდევ სამი პირის, მათ შორის ჩაპლიგინის და სერგო თეთრაძის დაკავება.