სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს – გამოძიებით დადგინდა, რომ 45 წლის მამაკაცი სქესობრივი კავშირის დროს, დაზარალებულ გოგონას ფარულად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.
მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა შურისძიების მიზნით, ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა. გარდა ამისა, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების სახელით Instagram, Facebook გვერდებზე ყალბი ანგარიშები შექმნა, სადაც ქალის ინტიმურ ფოტო-ვიდეო მასალას საჯაროდ სისტემატურად ათავსებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.