დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დილიდან ამ დრომდე მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ორი უცხოეთში მოგზაურობას უკავშირდება, ორი კი ისევ ბოლნისის კლასტერიდანაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლასტერია.
გამოიკვეთა კიდევ ერთი მაღალი რისკის ზონა – თერჯოლის რაიონის სოფელი ღვანკითი, სადაც 2 400 ადამიანი ცხოვრობს, დღეიდან ჩაკეტილია. სოფელში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, ახალი ფაქტები კი ამავე სოფელში უკვე გამოვლენილ ძველ ფაქტებს არ უკავშირდება.
„კოვიდ-19“ აღმოაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ თანამშრომელსაც. სწორედ პოლიციაა ჯართან და მედპერსონალთან ერთად ახლა ის მიზნობრივი კატეგორია, რომელსაც სავალდებულო ტესტირება უტარდება. დაავადების დაფიქსირებიდან თითქმის ორი თვის თავზე, დაინფიცირების 420 შემთხვევა, მათგან 111 გამოჯანმრთელებული – ასეთია ამ წუთის მონაცემი.