ასტანაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა. მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის მინისტრმა.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისიის, როგორც საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, დარგობრივი კავშირების გამყარების ეფექტიანი და წარმატებული პლატფორმის მნიშვნელობას. ისაუბრეს ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, მათ შორის ევროპასა და აზიას შორის ციფრული კორიდორის განვითარების საკითხზე. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა.