უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსებმა დონეცკის რეგიონის ქალაქები ისევ დაბომბეს. დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი მოქალაქე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საჰაერო იერიშები განხორცილდა ბახმუტზე, ოპიტნოეზე, სოლედარსა და სელიდოვოზე. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზები და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბახმუტის მიმართულებით. უწყვეტად მიმდინარეობს მისი დაბომბვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაიერში განხორციელდა ვინიცის ოლქზეც.
დღის განმავლობაში ორჯერ დაიბომბა ნიკოპოლის რაიონიც. ჭურვები სატუმბ სადგურს მოხვდა, რის შედეგადაც 7 000 ადამიანი წყლის გარეშე დარჩა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საარმიო ნაწილების შეტევა რამდენიმე მიმართულებაზე მოიგერიეს. რუსმა სამხედროებმა უკრაინის თავდაცვითი ხაზის გარღვევა ავდეევკას, პესკისა და მარინკას მიმართულებაზე სცადეს. საბრძოლო მოქმედებები ადგილზე ისევ გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი წარმატებული დარტყმები განახორციელეს ანტონოვკის საავტომობილო ხიდზე, დნეპრზე, რომელიც ხერსონის გარეუბანში მდებარეობს.