ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიესალმება, რომ როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საფინანსო ინსტიტუტები ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს სრულად იცავენ.
ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს შეფასება საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, დამატებითი ქულა იქნება. მმართველი გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით მკვეთრი და კონკრეტულია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა როგორც პოპულარული საინვესტიციო მიმართულება და ის მე-13 ადგილს იკავებს.