სირიის მთავრობის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ავიაიერიშებმა სირიის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია. დამასკოში ამბობენ, რომ შტატები რადიკალ ისლამისტებთან თანამშრომლობს. საჰაერო ოპერაციის შემდეგ, ერაყმა ამერიკა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.
შეერთებულმა შტატებმა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები, იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხად დაიწყო. სამიზნე ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ და მასთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტებია. გავრცელებული ცნობით, ამერიკის საჰაერო დაბომბვა ერაყ-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქების, აბუ ქამალისა და ალ-ყაიმის რაიონებში განხორციელდა. ამასთან, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის არის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრები, ასევე იარაღის საწყობები.
გავრცელებული ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 18 მებრძოლი დაიღუპა. ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, სამიზნე ობიექტებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები შეერთებული შტატების ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.