თავდასხმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ერაყში

ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური ძალები იყენებენ, ათამდე რაკეტა გაისროლეს. ერაყში ამერიკულ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როდესაც სირიის დედაქალაქზე დარტყმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთი წევრი მოკლეს. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაიმუქრა.