უკრაინაში კი ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, გვიან ღამით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. იერიშის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, ექვსი კი დაშავებულია. შესაბამის ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა და შვიდი მრავალსართულიანი სახლი. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში ვითარება კვლავ რთულია. მისი თქმით, რუსეთმა დონბასში თავისი ძალის მაქსიმალურ რაოდენობას მოუყარა თავი. რუსული ძალებისთვის მთავარ სამიზნეებს ამჟამად წარმოადგენენ დასახლებები: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდეეკვა. ლუგანსკის ოლქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის შიგნით წინ წაიწიეს, ქალაქში გრძელდება ქუჩის ბრძოლები. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა გასული ერთი დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის რვა შეტევა მოიგერიეს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საოკუპაციო ძალებმა 46 დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი.