ვითარება რთულია უკრაინაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა, მათი ძირითადი ნაწილი კი ავდევკაას მიმართულებით იყო. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მცირე უპირატესობა მოიპოვა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალები კლეშიევკას აღმოსავლეთით ტყიან ტერიტორიაზე, სეპარატისტულ სამხედრო დაჯგუფებასთან ბრძოლაში ჩაერთნენ. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკში ორსართულიანი შენობის დაბომბვას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.