უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთის ძალები არ წყვეტენ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე საჰაერო იერიშებს. განსაკუთრებით ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.
გასული ღამის განმავლობაში არტილერიის გამოყენებით დაიბომბა ხარკოვის ოლქის ხუთი რაიონი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. კვლავ დაიბომბა დნიპროს ოლქი. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი დონეცკის ოლქში სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებით ცდილობს წინსვლას, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ოკუპანტების შეტევის მოგერიება. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მორიგი აფეთქების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ ჯანკოისთან საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა.