ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
დამნაშავეა თუ არა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ოთხი ადამიანის დაღუპვაში? – ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
ავტოსაგზაო შემთხვევას კვირიკაშვილის მეუღლე და კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა. ბრალდებულის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა. ბრალდება ამტკიცებს, რომ შეჯახებაში სწორედ მერაბ კვირიკაშვილია დამნაშავე.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები განიხილეს. დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმეზე სამხარაულის ბიუროს საექსპერტო დასკვნის დაშვებისა და ექსპერტების გამოკითხვის თაობაზე.
მორაგბის ადვოკატი აცხადებს, რომ ტრაგიკული შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილს საფრთხე მესამე მანქანამ შეუქმნა და ბრალდებულს არ შეეძლო შეჯახების თავიდან არიდება.
საპირისპიროა პროკურატურის პოზიცია. ბრალდება მიიჩნევს, რომ სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი დამნაშავედ უნდა ცნოს.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულს 6-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე მორიგი პროცესი 19 მარტს 14 საათზე ჩაინიშნა.