მსოფლიო ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობა შობის დღესასწაულს სწორედ დღეს აღნიშნავს. ვატიკანში ღამით გამართულ საშობაო მესაზე რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებსა და გაჭირვებულებზე. საშობაო მესის შემდეგ, უკვე დღეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა პეტრეს აივნიდან „ურბი ეთ ორბის“ სახელით ცნობილი ტრადიციული მიმართვა წაიკითხა, რომელიც სიტყვასიტყვით „ქალაქს და მსოფლიოს“ ნიშნავს.
პანდემიის პირობებში, მორწმუნეებმა შობა აღნიშნეს ბეთლემშიც. ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა. სადღესასწაულო მესა აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმაც. მანამდე კი ბეთლემის ქუჩებში მორწმუნეებს მიესალმა და მათ შობა მიულოცა. კორონავირუსის „ომიკრონშტამის“ სწრაფი გავრცელების გამო, სხვადასხვა ავიაკომპანიებმა საშობაო დღესასწაულებზე ათასობით ფრენა გააუქმეს, რადგან ეკიპაჟების წევრების ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილმა კი სავალდებულო იზოლაციაში გადაინაცვლა. კორონავირუსი მართლმადიდებლური ეკლესიის მსოფლიო პატრიარქ ბართლომესაც დაუდასტურდა, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს და დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.