უკრაინის საგარეო უწყებაში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს

რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. სამინისტროში ვიზიტის დროს, ელჩს შეატყობინეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან პაპის სიტყვებით, რომელმაც საუბარში უკრაინის მიერ „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა ახსენა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევი რომის პაპისგან ელოდება ისეთ განცხადებებს, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, უკრაინაში ვატიკანის ელჩს კიდევ ერთხელ შეახსენეს „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს.