გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ერთ ლარად შეიძენენ, – შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შევა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.
იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.