ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი პეკინში გრძელდება. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობაზე, ეკონომიკის ხელშეწყობაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურებაზე. გამოქვეყნდა ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. დოკუმენტი სამ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და საერთაშორისოს. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო და რეგიონული ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონული და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.