უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, კიევის შემოგარენში კიდევ ერთი საერთო სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 900 ცხედარია ნაპოვნი. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 66-ე დღეს, ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში განაგრძობენ, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან.
რუსული დანაყოფები ახორციელებენ საჰაერო და სარაკეტო იერიშებს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის ტერიტორიის სიღრმეშიც, ასევე ფრონტის გასწვრივ და სასაზღვრო რაიონებში. გარდა ამისა, რუსული ჯარები ახდენენ საოკუპაციო ძალების გადაჯგუფებას. უკრაინის ჯარების ნაწილების საარტილერიო დაბომბვა არ წყდება ზაპოროჟიეს მიმართულებითაც.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს, აღმოფხვრას ის, რაც აფერხებს მის სამხედრო შეტევას უკრაინაში. მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა, გაეერთიანებინა და გადაეფორმირებინა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში წარუმატებელი შეტევის შედეგად გამოფიტული და მიმოფანტული ძალები. ამ დანაყოფებიდან ბევრს, სავარაუდოდ, დასუსტებული მორალი აქვს. ხარვეზები რჩება რუსულ ტაქტიკურ კოორდინაციაში. დანაყოფების დონეზე უნარების ნაკლებობამ და წყვეტამ საჰაერო მხარდაჭერისას, ხელი შეუშალა რუსეთს სრულად გამოეყენებინა თავისი საბრძოლო მასა.
ოკუპანტები ასევე განაგრძობენ ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებას. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაშავებულების გაყვანაში დახმარებისთვის თურქეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართა.