ტყვეთა გაცვლა - „აზოვის“ მეთაურები თავისუფლები არიან

ოთხთვიანი ტყვეობა დასრულდა – „აზოვსტალის“ დამცველები ათეულობით უკრაინელ სამხედროსთან და სამართალდამცველთან ერთად თავისუფლები არიან. მარიუპოლის დამცველების სამშობლოში დაბრუნება რუსეთსა და უკრაინას შორის რამდენიმე ქვეყნის  შუამავლობით შედგა. ტყვეთა გაცვლის პროცესში  ერთ-ერთი მთავარი მედიატორი თურქეთის პრეზიდენტი იყო. გათავისუფლებულებს შორის არიან „აზოვის“ მეთაურები, თუმცა, გარიგების პირობების მიხედვით, ისინი ომის დასრულებამდე ერდოღანის პროტექციის ქვეშ თურქეთში რჩებიან.

ტყვეთა გაცვლა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას დაემთხვა. უკრაინაში საომრად დამატებითი ძალების გაწვევის გადაწყვეტილებას რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, დაკავებულია ასეულობით ადამიანი. მოქალაქეები რუსეთს მასობრივად ტოვებენ – მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე რიგებია.