საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ – გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშებს დონეცკისა და ხარკოვის რაიონებში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქში ე.წ. კადიროვის მებრძოლებით აძლიერებს, სადაც დამატებით 1 300 ჯარისკაცი შეიყვანეს.

უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემანაიაში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რის შედეგად რუსეთმა 400-მდე ჯარისკაცი და 100 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში მისმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური, რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით, აქტიურ მოქმედებებს აგრძელებენ.