უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან 346-ე დღეა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტერი შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებს – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის და დიდ დანაკარგს განიცდის. გენშტაბის დღევანდელ შეჯამებაში ნათქვამია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 20 საავიაციო და სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე, 90-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების ძალების კონცენტრაციის ათ რაიონზე მიიტანეს იერიში, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა, განსაკუთრებით დონეცკში. ვრცელდება ცნობა, რომ ბახმუტში სამოქალაქო მოსახლეობის დახმარებისას ამერიკელი მოხალისე დაიღუპა.