უკრაინაში ომის 172-ე დღეა – უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი არმია ქალაქ სლავიანსკთან უკრაინელების თავდაცვითი პოზიციების გარღვევას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. რუსები უკრაინის არმიის პოზიციებს რეაქტიული არტილერიიდან და ტანკებიდან უტევდნენ. ასევე ინტენსიურად იბომბება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. 15-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი.
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს მიკოლაევში ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლთან აფეთქდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს, კერძოდ ავდეევკას, პესკის, მარინკასა და ბახმუტის მიდამოებში.
კიევში აცხადებენ, რომ გასულ დღეს იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქში რუსების პოზიციებზე. განადგურებულია რუსების სამი ბაზა და იარაღის სამი საწყობი. დაზვერვის სამსახურის ცნობით, დღეის მდგომარეობით, უკრაინის ომში ჩართული რუსეთის ძალების მეხუთედია განადგურებული.