უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში კვლავ აქტიური საომარი მოქმედებებია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან ისევ სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხეა. რუსული ჯარების ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული ტერიტორიების დაცვასა და უკრაინის ძალების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზეა მიმართული.
არსებული ცნობებით, ოკუპანტები სლავიანსკზე თავდასხმისთვის დანაყოფებს ამზადებენ, სევეროდონეცკში კი რუსული ჯარები წინსვლას ცდილობენ და რამდენიმე მიმართულებით გარკვეული წარმატებებიც აქვთ. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოკუპანტები კვლავ ახდენენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას. უკრაინის პრეზიდენტი მისი ქვეყნის წინააღმდეგ, 107 დღის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გზას, რუსეთის სახელმწიფოს სრული დეგრადაციის ნიმუშად მიიჩნევს.