„კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა.
არესტოვიჩმა უპასუხა შეკითხვას, „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი გაყვანილია უკრაინაში, საქართველოს ახლა რომ განეხორციელებინა რაიმე სამხედრო მოქმედებები, ექნებოდა თუ არა ცხინვალში შესვლის შანსი“. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება კამათშიც კი ვერ შედის ორ უკრაინელ შტატგარეშე მრჩეველთან, საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე.
როგორც არესტოვიჩი მიიჩნევს, ეს იმის გამო ხდება, რომ ზუსტად მოარტყეს მტკივნეულ ადგილზე. ამასთან, არესტოვიჩმა ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებაც.